Image

დღეს პარიზში, ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის მონიტრინგის მუდმივმოქმედი კომიტეტის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა კომიტეტის თავმჯდომარემ ფილიპ რესევორმა გახსნა. კომიტეტის სხდომას, საქართველოდან, თბილისის მერი და კონგრესში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი დავით ნარმანია, დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილე, რუსთავის მერი და საქართველოს თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტი დავით ჯიქია, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მალხაზ მჭედლიშვილი, რუსთავის საკრებულოს წევრი ფიქრია ავალიანი და თერჯოლის საკრებულოს წევრი სოფიკო სიუკაევა ესწრებოდნენ.
კონგრესის პრეზიდენტი ჟან კლოდ ფრეკონი, თავის გამოსვლაში, საქართველოში გასული წლის დეკემბერში შემდგარ ვიზიტს შეეხო, დადებითად შეაფასა ქვეყანაში მიმდინარე პროცესები და აღნიშნა, რომ ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, ხელი მოეწერა კონგრესის მიერ შემუშავებულ გზამკვლევს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჟან კლოდ ფრეკონმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო სულ უფრო და უფრო უახლოვდება დემოკრატიულ სტანდარტებს.
დავით ნარმანიამ ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის შეხვედრაზე, ადგილობრივი დემოკრატიის პროგრესზე და სამომავლო გამოწვევებზე, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობების განვითარების საქმეში, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის დადებით (NALA) როლზე ისაუბრა.
ევროპის საბჭოს კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის სხდომაზე, სხვა საკითხებთან ერთად, 2017-2020 წლების სამოქმედო გეგმებზე და ევროპის საბჭოს კონგრესის მიერ მომზადებულ გზამკვლევზეც ისაუბრეს. შეხვედრაზე, ევროპაში ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატიის პრინციპები, ასევე ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებიც განიხილეს და ამ კუთხით, 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმა წარმოადგინეს.

2016-02-12

ნავიგაცია