Image

აგვისტოს ომის მეათე წლისთავთან დაკავშირებით, რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე კახა კობერიძესთან და ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძესთან ერთად, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინებით შეამკო და პატივი მიაგო გარდაცვლილი სამხედორების ხსოვნას. რუსთველმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი) გარდაცვლილ მეომართა სულის მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადა.

დღესვე, ირაკლი ტაბაღუამ რუსთავის სასაფლაოზე, აგვისტოს ომში გარდაცვლილი სამხედროების- გიორგი ჯავახიშვილის, კახაბერ თავგორაშვილის, ლევან იოსებიძის, მოგვიანებით კი, თბილისში, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის ეზოში, ვახტანგ გზირიშვილის საფლავი ყვავილებით შეამკო.

აგვისტოს ომის მეათე წლისთავთან დაკავშირებით, რუსთავის წმ. მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარში სამშვიდობო პარაკლისი აღევლინა. ღვთისმსახურებას მრევლთან ერთად ირაკლი ტაბაღუა დაესწრო. 
რუსეთ-საქართველოს ომის მეათე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება რუსთავის ისტორიულ მუზეუმშიც. 
მუზეუმის ეზოში, აგვისტოს ომის ამსახველი ფოტომასალის, რუსეთის აგრესიის შედეგად დაღუპული რუსთაველი გმირების ფოტოებისა და მათი პირადი ნივთების გამოფენა, სპეციალურად დამონტაჟებულ ეკრანზე კი გარდაცვლილი სამხედროების ცხოვრების შესახებ ვიდეორგოლის ჩვენება მოეწყობა. საღამოს მუსიკალურად გააფორმებენ რუსთავის კამერული ორკესტრი და ანსამბლი „ფიროსმანი“. 
ღონისძიებას დაესწრებიან რუსთაველი გმირების ოჯახის წევრები, ქალაქისა და მხარის ხელმძღვანელი პირები, სამხედრო მოსამსახურეები და ვეტერანები.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში გარდაცვლილი რუსთაველი სამხედროები, ვახტანგ გზირიშვილი, ლევან იოსებიძე და გიორგი ჯავახიშვილი IV ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონში იბრძოდნენ, ხოლო კახაბერ თავგორაშვილი გულუას სახელობის სპეცდანიშნულების რაზმში მსახურობდა. ოთხივე მათგანი, გარდაცვალების შემდეგ, ვახტანგ გორგასლის სახელობის პირველი ხარისხის ორდენითაა დაჯილდოებული.

2018-08-08

ნავიგაცია