Image

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრმა, ნინო ქავთარაძემ სტრასბურგში, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 35-ე სესიაში მიიღო მონაწილეობა და კონგრესის წევრებთან ერთად დებატებში ჩაერთო. სიტყვით გამოვიდა ასევე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი და საქართველოში ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატიის მიმართულებით ბოლო წლებში გატარებული რეფორმებისა და დაგეგმილი ღონისძიებების თაობაზე მოხსენებით წარსდგა.
ვიცე-პრემერიერის მაია ცქიტიშვილის ანგარიშში ხაზგასმულია საქართველოს მიერ ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე დემოკრატიის შემდგომი განმტკიცების მიმართულებით განხორციელებული მნიშვნელოვანი ნაბიჯები და მიღწეული შედეგები. მათ შორის, ქვეყნის კონსტიტუციაში ადგილობრივ თვითმმართველობათა ევროპული ქარტიით გათვალისწინებული სუბსიდირების პრინციპის ასახვა, ქალაქების მერების პირდაპირი წესით არჩევის წესის შემოღება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო ჩართულობის ახალი მექანიზმების დანერგვა. დადებითად არის შეფასებული ადგილობრივი ხელისუფლების დეცენტრალიზაციისა და მოდერნიზაციის კუთხით ყოვლისმომცველი რეფორმების სტრატეგიის მიღება, ადგილობრივი თვითმმართველობების ფინანსური შესაძლებლობების განვითარება, აუდიტორული სისტემის მოდერნიზაცია და საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის (NALAG) წარმომადგენლობითი როლის/პოზიციის ოფიციალური აღიარება.
კონგრესის წინაშე ანგარიში წარადგინა კონგრესის რეგიონთა პალატის წევრმა სტიუარტ დიქსონმა (დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო). „კონგრესმა ეს ესაა ფარული კენჭისყრით მიიღო მონიტორინგის ანგარიში საქართველოს შესახებ. მე მქონდა პატივი ვყოფილიყავი მომხსენებელი ამ ანგარიშზე და ეს იყო ძალიან პოზიტიური ანგარიში და შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველომ ჩააბარა მონიტორინგის ანგარიში გამოკვეთილი წარმატებით,” - აღნიშნა სტიუარტ დიქსონმა. 
კონგრესის ანგარიშში ასახული რეკომენდაციები ძირითადად მიმართულია მიღწეული დადებითი შედეგების კიდევ უფრო გაძლიერებაზე და არა გამოსწორებაზე. მასში არაერთხელ არის ხაზგასმული, რომ ქვეყანაში ადგილობრივი დემოკრატიისა და თვითმმართველობის დეცენტრალიზაციის მიმართულებით განხორციელებული საკანონმდებლო თუ ინსტიტუციური ქმედებები სრულ შესაბამისობაშია ევროსაბჭოს მოთხოვნებთან.

2018-11-09

ნავიგაცია