Image

რუსთავის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომათა დარბაზში, საკრებულოს თავმჯდომარის ლევან ონიანის ხელმძღვანელობით, საკრეულოს მორიგი სხდომა გაიმართა.

საკრებულოს დეპუტატებმა განიხილეს და კორექტირების მიზნით აღმასრულებელ ორგანოს უკან დაუბრუნეს მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის, ლევან კავთიაშვილის მიერ სხდომაზე წარმოდგენილი 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტი.

რუსთავის მომავალი წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტთან დაკავშირებით გარკვეული შენიშვნები გამოთქვეს როგორც საკრებულოს უმცირესობის ასევე უმრავლესობის წევრებმა. მაჟორიტარი დეპუტატები მიიჩნევენ რომ ბიუჯეტი ინფრასტრუქტურული პროექტების ნაწილში დახვეწას საჭიროებს.

წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს, XII მიკრორაიონის ტერიტორიაზე, შემდგომში პოლიციის განყოფილების მშენებლობის მიზნით, კონკრეტული უფლებრივი ზონირების რუკაში ცვლილების შეტანას. საკითხი სხდომაზე რუსთავის მერის მოადგილე, ბესიკ ტოგონიძემ წარადგინა.

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, საკრებულოს აპარატის იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსის, არჩილ ძამაშვილის განცხადებით, საკრებულოში შეიქმნა ვეტერანების და საერთაშორისო ურთიერთობების საკითხთა შემსწავლელი დროებითი სამუშაო ჯგუფები, ხოლო მისივე განმარტებით, ახალგაზრდულ, ტრანსპორტის, სპორტის და ფიზიკური კულტურის საკითხების შემსწავლელ დროებით სამუშაო ჯგუფებს ერთი თვით გაუგრძელდა უფლებამოსილების ვადა. 

მომხსენებლის, არჩილ ძამაშვილის ინფორმაციით ცვლილება შევიდა საკრებულოს ტრანსპორტის საკითხების შემსწავლელ დროებით სამუშაო ჯგუფში და ჯგუფის წევრებს მოწვეულ წევრად დაემატა საქართველოს ტრანსპორტის და გზების მუშაკთა პროფესიული კავშირის პრეზიდენტი, ლავრენტი ალანია.

დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა თხუთმეტი ძირითადი საკითხი განიხილეს, აქედან თოთხმეტი საკითხი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს რის შემდეგაც საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანმა სხდომა დახურულად გამოაცხადა.

2018-11-22

ნავიგაცია