Image

4 ივნისს, საღამოს მოსულმა უხვლა ნალექმა და სეტყვამ რუსთავში პრობლემები შექმნა.  ძლიერმა წვიმამ, რომელიც დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა, ყველაზე მეტად, მე-7 და მე-8 მიკრო რაიონების მოსახლეობა დააზარალა, იაღლუჯის მთის ფერდობიდან წამოსულმა ნიაღვარმა ეზოები და რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსის სარდაფი დატბორა, ხოლო აღმაშენებლის ქუჩის გზის მონაკვეთზე ასფალტის საფარი ჩავარდა.

ქალაქში შექმნილ ვითარებას წუხელ, რუსთავის მერი დავით ჯიქია მოადგილეებთან და შესაბამისი სამსახურების ხელმღვანელებთან ერთად, ადგილზე გაეცნო. როგორც დავით ჯიქიამ განაცხადა, სანიაღვრე კოლექტორების გამავლობის შეფერხება ნალექის განსაკუთრებულმა სიუხვემ და იაღლუჯის ფერდობიდან წამოსულმა შლამმა განაპირობა. მისივე თქმით, მერიის მიერ სანიაღვრე ქსელებზე ჩატარებული სამუშაოების შედეგად, დატბორვის მასშტაბი გასულ წლებთან შედარებით, ნაკლები იყო.  

დატბორილი ქუჩებისა და სარდაფების გაწმენდითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებში  ხანძარსაწინააღმდეგო და სამაშველო სამსახურები, ასევე, მერიის „დასუფთავების“, „უზრუნველყოფისა“ და ინფრასტრუქტურისა და მშენებლობის სამსახურის თანამშრომლები იყვნენ ჩართულნი.

სტიქიის შედეგებს სპეციალური კომისია შეისწავლის. ზარალის ზუსტი ოდენობა კომისიის მუშაობის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

 

2016-06-05

ნავიგაცია