Image

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, რუსთავის მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძე და ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ტრანსპორტის სამსახურის უფროსი ზურაბ ტაბაღუა სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრის მონაწილეებს, 2019 წელს, რუსთავში, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნეს.

მიმდინარე წელს, ცენტრალური ბიუჯეტიდან, რუსთავში 8 მლნ 700 ათასი ლარის, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტიდან კი 4 მლნ ლარის 50 პროექტი დაფინანსდება, აქედან 20 პროექტზე, სამუშაოების შემსრულებელი კომპანიების გამოსავლენად ელექტრონული ტენდერების გამოცხადება 15 იანვრიდან დაიწყება. 
აღნიშნული 20 პროექტიდან ხუთი ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი 6 მლნ ლარით დაფინანსდება, 2 მლნ 500 ათასი ლარის ღირებულების 15 პროექტი კი ადგილობრივი ბიუჯეტიდან.
პროექტები საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, საცხოვრებელი შენობების რეაბილიტაციას, სკვერებისა და საბავშვო მოედნების კეთილმოწყობას, ახალი სპორტული ობიექტების მშენებლობასა და სხვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ითვალისწინებს.

როგორც სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა აღნიშნა, პროექტების განხორციელების პროცესში, სამუშაოების შეფერხების პრევენციის მიზნით, სამშენებლო ორგანიზაციებთან, ასევე, ზედამხედველ კომპანია ,,ოპტიმალთან’’, ყოველკვირეულად შემაჯამებელი შეხვედრები გაიმართება.

2019-01-11

ნავიგაცია