Image

რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი დავით ჯიქია, მერის მოადგილე ნოდარ შეროზიასთან  და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, დღეს დუმბაძისა და მშენებელთა ქუჩების მცხოვრებლებს შეხვდა.

ქალაქის მერმა მოსახლეობას აღნიშნულ ქუჩებზე და ზოგადად, ქალაქში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, ასევე გაეცნო პრობლემებს.

პროექტი, რომლის ღირებულება 3,5 მლნ. ლარამდეა, გაგარინი–დუმბაძის დამაკავშირებელ გზის მონაკვეთზე ახალი სანიაღვრე სისტემის მოწყობას და ასფალტ–ბეტონის საფარის აღდგენას ითვალისწინებს. ამავე პროექტის ფარგლებში, გზის რეაბილიტაცია განხორციელდება გაგარინის ქუჩის ნაწილზე, დუმბაძის ქუჩის გაგრძელებაზე, კომუნალების ქუჩაზე, გაგარინისა და ბოსტან–ქალაქის ქუჩების დამაკავშირებელ მონაკვეთსა და ფიროსმანისა და მშენებელთა ქუჩის დამაკავშირებელ გზაზე.

როგორც დავით ჯიქიამ განაცხადა, პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვაზე ჩატარებული ტენდერის შედეგად გამოვლენილია გამარჯვებული და სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება. მისივე თქმით, სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოსახლეობას წლების განმავლობაში არსებული მნიშვნელოვანი პრობლემა მოუგვარდება, თუმცა აქტუალურია დაზიანებული სახურავებისა და შიდა ეზოების საკითხებიც,  რომლებზეც ადგილობრივი ხელისუფლება აქტიურად მუშაობს .

2016 წელს, რუსთავში ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან სულ 16 მლნ 289 295 ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჩატარდება, მათ შორის განხორციელდება კოსტავას გამზირის რეკონსტრუქციის მასშტაბური პროექტი.

2016-06-23

ნავიგაცია