Image

5 თებერვალს, საფრანგეთში, ქალაქ სტრასბურგში, ევროპის საბჭოში, საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, მოლდოვას, უკრაინისა და ბელორუსის პროგრამული თანამშრომლობის პროექტის მმართველი კომიტეტის სხდომა გაიმართა, სადაც აღნიშნული ქვეყნების პროგრამული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. შეხვედრა ადგილობრივი თვითმმართველობების ინსტიტუციონალური გაძლიერების საკითხებს ეძღვებოდა.
სამუშაო შეხვედრას ექვსივე ქვეყნის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საქართველოს დელეგაცია სამკაციანი ჯგუფით იყო წარმოდგენილი. პროექტის მმართველი კომიტეტის წევრების სტატუსით ესწრებოდნენ სხდომას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი და კონგრესში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილე, ქალაქ რუსთავის მერი და ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტი დავით ჯიქია. შეხვედრას საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციის ადმინისტრაციული დირექტორი, ქეთევან ჯაჭვაძეც ესწრებოდა.
კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ ევროპის საბჭოში ევროკავშირის წარმომადგენლობის უფროსის მოადგილე ბატონი ბოლენდორფი, დემოკრატიული ინსტიტუციებისა და მმართველობის დეპარტამენტის უფროსი ალფონსო ზარდი და ადგილობრივი და რეგიონული კონგრესის, ადმინისტრაციული და საგარეო ურთიერთობების განყოფილების ხელმძღვანელი დენის ჰუბერი, რომლებმაც თვითმმართველობის განვითარების საკითხებში არსებულ პოზიტივებზე და პროგრესზე ისაუბრეს.
ევროპის საბჭოს ადგილობრივი მმართველობის რეფორმების ცენტრის უფროსმა კოორდინატორმა, გენადი კოსიაკმა, პროგრამის ფარგლებში გასულ წელს შესრულებული სამუშაო დადებითად შეაფასა.
შეხვედრის მეორე ნაწილი, ამავე პროგრამის ფარგლებში, 2016 წელს დაგეგმილი აქტივობებისა და სამომავლო გეგმების განხილვას დაეთმო. მიმდინარე წელს, აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნის თანამშრომლობის ფარგლებში, რეგიონული შეხვედრა, კონფერენცია და სემინარები საქართველოში ჩატარდება.

2016-02-05

ნავიგაცია