Image

თბილისში, სასტუმრო ,,ჰოლიდეი ინნ''-ში, დღეს, ქვემო ქართლის რეგიონული ბიზნეს ფორუმი გაიმართა.

ფორუმში ქვემო ქართლის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი, რუსთავის მერი დავით ჯიქია, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე, ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, ადგილობრივი და უცხოელი ბიზნესმენები, ასევე, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და სახელმწიფო პროგრამების განმახორციელებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

შეხვედრის ფარგლებში მოეწყო ქვემო ქართლის მასშტაბით სხვადასხვა სფეროში, მათ შორის მშენებლობასა და აგრობიზნესში უცხოური ინვესტიციებით მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების პრეზენტაცია.

ბიზნეს ფორუმის მონაწილეები გაეცნენ ინფორმაციას დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, პანტიანის ტბაზე დასასვენებელი კომპლექსის მშენებლობის პროექტის  შესახებ. ღონისძიებაზე საუბარი ასევე, შეეხო სურსათის უვნებლობის ახალ რეგულაციებს და ამ მიმართულებით კერძო სექტორთან თანამშრომლობის შედეგად შემუშავებულ ინიციატივებს.

ქვემო ქართლის რეგიონული ბიზნეს ფორუმი „ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს“ ორგანიზებით, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) დაფინანსებითა და საერთაშორისო ორგანიზაცია ,,მერსი ქორფსი’’-ს მცირე კავკასიის ალიანსების პროგრამის მხარდაჭერით ჩატარდა.

 

2016-11-28

ნავიგაცია