Image

„თიბისი არტგალერეაში“ ქართველი მხატვრის, ოთარ ჩხარტიშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნა. გამოფენაზე გასული საუკუნის 60 – იანი წლებიდან 2006 წლამდე, მის მიერ შექმნილი 60 ნამუშევარი იყო წარმოდგენილი.
გამოფენის გახსნას, ოთარ ჩხარტიშვილის ოჯახის წევრებთან ერთად, რუსთავის მერი დავით ჯიქია, საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე, მერის მოადგილეები: ნოდარ შეროზია, დავით ლობჟანიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები: ნინო ლომიძე, გოჩა შავაძე და სხვა მიწვეული სტუმრები დაესწრნენ.
აღსანიშნავია, რომ 2016 წლის ივნისში, „სოტბის“ საგამოფენო სახლში გამართულ ექსპოზიციაზე, „თიბისი ბანკისა“ და რუსთავის მერიის მხარდაჭერით წარდგენილ ოთარ ჩხარტიშვილის სამ ნახატს დიდი წარმატება ხვდა წილად. ქართველი ნონკომფორმისტი, მხატვარი ოთარ ჩხარტიშვილი 60-70-იანი წლების ქართული ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე არაორდინალური ფიგურა იყო. ის 1938 წელს ქობულეთში დაიბადა, სტუდენტობის პერიოდიდან კი რუსთავში ცხოვრობდა. მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, ასევე, „როი მაილს გალერიში“ (ლონდონი, დიდი ბრიტანეთი) და ზიმერლის ხელოვნების მუზეუმში (ნიუ ჯერსი, აშშ) . მხატვარი 2006 წელს გარდაიცვალა.
ოთარ ჩხარტიშვილის გამოფენა „თიბისი არტგალერეაში“ სამ თვეს გასტანს და 2017 წლის 21 მარტს დაიხურება.

2016-12-22

ნავიგაცია