Image

რუსთავის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, ქალაქის მერის სათათბირო ორგანოს - ,,სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს’’ შეხვედრა გაიმართა. რუსთავის მერი დავით ჯიქია შეხვედრის მონაწილეებს სამოქალაქო საბჭოს უფლებამოსილებებზე ესაუბრა, მოისმინა მათი მოსაზრებები და აღნიშნა, რომ სათათბირო ორგანოს წევრები ქალაქისთვის ყველა მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტაში მიიღებენ მონაწილეობას. დავით ჯიქიამ მრჩეველთა საბჭოს წევრებს 2015 წელს განხორციელებული და მიმდინარე წელს დაგეგმილი პროექტებიც გააცნო. ,,სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო’’ საქართველოს ორგანულ კანონში - ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’, 2015 წლის 22 ივლისს შეტანილი ცვლილებების საფუძველზე შეიქმნა. კანონს დაემატა ახალი რეგულაციები, რომლითაც გაიზარდა მოქალაქეთა ჩართულობის შესაძლებლობა მუნიციპალიტეტის ორგანოთა საქმიანობაში. სათათბირო ორგანოს 16-წევრიან შემადგენლობაში ადგილობრივი მეწარმე იურიდიული პირების, არასამთავრობო სექტორისა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები შედიან, რომლებიც სამომავლოდ აქტიურად ჩაერთვებიან ადგილობრივი ბიუჯეტის, ქალაქის სივრცითი დაგეგმარების, ინფრასტრუქტურული, სოციალური, კულტურული და სხვა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების შერჩევასა თუ განხილვაში. საბჭოს შეუძლია საკუთარი მოსაზრებები წარუდგინოს მერიას და შემდგომ მათ განხილვაშიც მიიღოს მონაწილეობა. მერის მრჩეველთა საბჭო, რომელიც კანონის თანახმად, არანაკლებ 3 თვეში ერთხელ იკრიბება, იხელმძღვანელებს დებულებით, სადაც განსაზღვრულია მისი საქმიანობის მიზნები და ამოცანები.

2016-03-19

ნავიგაცია