Image

ძლიერმა ქარმა დღეს, რუსთავში პრობლემები შექმნა. დაზიანდა რამდენიმე საცხოვრებელი შენობის სახურავი, ხოლო სპორტის ქუჩის #2 კორპუსის მიმდებარედ ქარმა ორი ხე ძირ–ფესვიანად მოგლიჯა. განსაკუთრებულად რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა მაიაკოვსკის ქუჩის N21 კორპუსი, რომელსაც ქარმა სახურავის დიდი ნაწილი ახადა.

შექმნილი ვითარების ადგილზე გასაცნობად, მაიაკოვსკის ქუჩაზე რუსთავის მერი დავით ჯიქია საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მერაბ სულაბერიძესთან და მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა. როგორც ქალაქის მერმა განაცხადა, სტიქიისგან მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია დაითვლის, ხოლო ადგილობრივი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში მოუგვაროს მოსახლეობას სტიქიის შედეგად გამოწვეული პრობლემები.

ძლიერმა ქარმა დააზიანა ელექტროგადამცემი ბოძები და მაღალი ზაბვის სადენებიც, რის გამოც მარჯვენა სანაპიროს რამდენიმე უბანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ამ დროისთვის, რუსთავის მერიის ცხელ ხაზზე შეტყობინება ათი მისამართიდანაა შემოსული. საგანგებო რეჟიმში მუშაობენ მერიის შესაბამისი სამსახურები, რომლებიც რეაგირებას მოახდენენ მოსახლეობის მიერ განხორციელებულ თითოელ  ზარზე.

2017-03-20

ნავიგაცია