Image

ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) ორგანიზებით,  რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში, ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმასთან დაკავშირებით კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების განხილვის მიზნით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

სამუშაო შეხვედრაში, რომელიც NALAG–ს პრეზიდენტმა, რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ და აღმასრულებელმა დირექტორმა დავით მელუამ გახსნეს, მონაწილეობა ქვემო ქართლში რწმუნებულ–გუბერნატორმა პაატა ხიზანაშვილმა, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძემ, ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების პირველმა პირებმა, ასევე, თვითმმართველობის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და ექსპერტებმა მიიღეს.

სამუშაო ჯგუფმა თვითმმართველობათა ტერიტორიული ორგანოების სტატუსის ცვლილებისა და მუნიციპალიტეტების ინსტიტუციური მოწყობის საკითხებზე, თვითმმართველი ქალაქების, სოფლების, დაბების როლსა და ფუნქციებზე, ასევე, დეცენტრალიზაციის პროცესსა და მუნიციპალიტეტების განვითარების სტრატეგიაზე იმსჯელა.

შეხვედრა, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში გაიმართა, მიზნად ისახვს ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენელთა ხედვებისა და პოზიციების გაცნობას. ინფორმაციის შეჯერების შემდეგ, ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაცია საქართველოს მთავრობას რეკომენდაციით მიმართავს, რათა საქართველოს ორგანულ კანონში – „ადგილობრივ თვითმმართველობის კოდექსი“ აისახოს ყველა ის ხედვა, რომელიც მაქსიმალურად იქნება მორგებული თვითმმართველობის ინტერესებზე.

ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ორგანიზებით მსგავსი შეხვედრა უკვე გაიმართა თელავსა და მცხეთაში, უახლოეს პერიოდში კი გორში, ახალციხესა და სხვა მუნიციპალიტეტებში ჩატარდება.

2017-04-05

ნავიგაცია