Image

საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში, ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის 30-ე პლენარული სესია მიმდინარეობს. შეხვედრას რუსთავის მერი და საქართველოს თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALA) პრეზიდენტი დავით ჯიქია და თბილისის მერი დავით ნარმანია ესწრებიან. ქართული დელეგაციის შემადგენლობაში შედიან ასევე რუსთავის საკრებულოს წევრები - მერაბ სულაბერიძე, მამუკა მიქაუტაძე და ფიქრია ავალიანი. 2016 წლის კონგრესის მთავარი თემაა ეთიკა და გამჭვირვალობა ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე. სესიაზე განიხილავენ კონგრესის პროგრამების ზოგად მიზნებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა და რეგიონებში, განსაკუთრებით კი, თემატური პროგრამის - "ადგილობრივი მმართველობის ინსტიტუციური გაძლიერების" ფარგლებში.

სესიაზე ასევე იმსჯელებენ პროექტების განხორციელებით მიღწეულ შედეგებზე, მერების როლსა და შესაძლებლობებზე, სამომავლო აქტივობებზე. სესიის დაწყებამდე, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, რუსთავის მერი დავით ჯიქია ევროპის სასახლეში გამართულ შეხვედრას დაესწრო. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებმა აზერბაიჯანში, ბელორუსში, მოლდოვაში, საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში ადგილობრივი და რეგიონული თვითმმართველობების კონგრესის თანამშრომლობის აქტივობების შესახებ იმსჯელეს და სამომავლო გეგმები დასახეს. შეხვედრისას ხაზი გაესვა, რომ თბილისი საკმაოდ ინტენსიურად თანამშრომლობს კონგრესთან და მათ შორის, აღსანიშნავია ვორქშოფი - "მერები - ლიდერები ცვლილებებისათვის", რომელიც საქართველოში საკმაოდ დიდი წარმატებით განხორციელდა.

2016-03-23

ნავიგაცია