Image

რუსთავის მერის მოადგილემ, დავით ლობჟანიძემ გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის მუნიციპალური თეატრის დასს ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი, რეჟისორი სოსო ნემსაძე წარუდგინა. 

სამხატვრო ხელმძღვანელმა მსახიობებს სამომავლო გეგმები, ძირითადი პრიორიტეტული მიმართულებები და თეატრის განვითარების საკუთარი ხედვა გააცნო.

სოსო ნემსაძე აღნიშნულ პოზიციაზე სპეციალურმა სარეკომენდაციო საბჭომ შეარჩია და დასამტკიცებლად რუსთავის მერს წარუდგინა. მუნიციპალური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად მისი დანიშვნის შესახებ ბრძანებას, დავით ჯიქიამ ხელი 2017 წლის 22 აგვისტოს მოაწერა.

რუსთავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში სულ ხუთი კანდიდატი მონაწილეობდა. საკონსულტაციო საბჭოს წევრთა უმრავლესობის  გადაწყვეტილებით, ამ თანამდებობაზე რეჟისორი სოსო ნემსაძე შეირჩა და მისი კანდიდატურა ქალაქის მერს წარედგინა.

სოსო ნემსაძეს მიღებული აქვს სერტიფიკატი კულტურის მენეჯმენტის კურსით. 2002 წლიდან, მუშაობდა კინოხელოვნების კოლეჯში სამსახიობო ჯგუფის ხელმძღვანელად. 2008 წლიდან, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია. 2010 წლიდან, გიორგი ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, ხოლო 2014 წლიდან, „კომედიის ფესტივალის“ დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელია, ასევე, „საქართველოს რეგიონული ხელოვნების განვითარების ფონდის“ დამფუძნებელი (2014 წელი). მუშაობდა ა. წუწუნავას სახელობის ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში მსახიობად, გორის თეატრის მთავარ რეჟისორად, აგრეთვე შოთა რუსთაველის თეატრის და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ასისტენტ-პროფესორად, 2008 წლიდან კი ასოცირებულ პროფესორად

2017-09-06

ნავიგაცია