Image

ქვემო ქართლის რეგიონის სასწრაფო დახმარების ცენტრს სამედიცინო და კომპიუტერული ინვენტარი გადაეცა. ახალი მოწყობილობების გამოყენებისთვის, მედპერსონალს ჩაუტარდა შესაბამისი ტრენინგიც. რუსთავის სასწრაფო დახმარების სამსახურში, ინვენტარის გადაცემისა და პერსონალის სწავლების პროცესს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორი დავით ტორუა, ქვემო ქართლის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი და რუსთავის მერის მოადგილე ნოდარ შეროზია დაესწრნენ.
გადაუდებელი დახმარებისთვის აუცილებელი 20-მდე დასახელების სამედიცინო ინვენტარი, მათ შორის დეფიბრილატორები, კარდიოგრაფები, პორტატული პულსოქსიმეტრები, ხერხემლის საიმობილიზაციო და სატრაქციო, ასევე ზემო კიდურის უნივერსალური არტაშნები, კომბინირებული საინტუბაციო მილები, მექანიკური მქაჩები, ჟანგბადის პორტატული ბალონები, პედიატრიული უნივერსალური კისრის საყელოები, სამედიცინო ჩანთები, ოროფარინგიალური მილები, ჟანგბადის რეზერვუარიანი ნიღბები და სისტემა-დოზიმეტრები სასწრაფოს ყველა ეკიპაჟში დამონტაჟდება.
კომპიუტერული მოწყობილობების გადაცემის შედეგად, რაიონულ სამსახურებში ჩაირთვება ცენტრის ელექტრონული პროგრამაც, სადაც აღირიცხება თანამშრომლების მორიგეობის გრაფიკი და სამედიცინო სახარჯი მასალის რაოდენობა.
რეგიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი ინვენტარით აღჭურვა მიმდინარე წლის 9 მარტს დაიწყო. სამედიცინო მოწყობილობები უკვე გადაეცა იმერეთის, კახეთის, აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებს.

2016-03-28

ნავიგაცია