Image

დღეიდან, რუსთავის მუნიციპალიტეტის ახალი მერის უფლებამოსილება ძალაში შევიდა. ქალაქის მოსახლეობამ ამ თანამდებობაზე "ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს" კანდიდატი, ირაკლი ტაბაღუა,  2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების შედეგად აირჩია.

ახლადარჩეულმა მერმა უფლებამოსილების ცნობიდან პირველი დღე  07:00 საათიდან, მერიის ა(ა)იპ „ქალაქ რუსთავის დასუფთავების“ თანამშრომლებთან ერთად დაიწყო და პირადად მიიღო მონაწილეობა შიდა ეზოების დასუფთავებაში. როგორც ირაკლი ტაბაღუამ აღნიშნა, მისი მთავარი პრიორიტეტი რუსთავზე ზრუნვა იქნება და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქალაქი მოწესრიგებული იყოს.

ირაკლი ტაბაღუამ 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების  53, 05 % მიიღო, რითაც გადალახა დადგენილი 50%–იანი ბარიერი და პირველივე ტურში გაიმარჯვა.

საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად, ახალარჩეული მერის უფლებამოსილება იწყება, ხოლო ძველის წყდება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენიდან მე-11 დღეს. 2017 წლის 21  ოქტომბრის არჩევნების შემაჯამებელი ოქმი მიმდინარე წლის 1 ნოემბერს გამოქვეყნდა, შესაბამისად საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს საარჩევნო კოდექსის მიხედვით, ახლადარჩეული მერის უფლებამოსილება ცნობა დღეიდან მოხდა.

2017-11-12

ნავიგაცია