Image

რუსთავის მუნიციპალიტეტის მეექვსე  მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა 2017 წლის 20 ნოემბერს 15:00 საათზე გაიმართება. ამის შესახებ განკარგულება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2017 წლის 13 ნოემბრის #46 სხდომის შედეგად გამოსცა.

საკრებულოს სხდომას რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გახსნის და ახლადარჩეული საკრებულოს უხუცესი წევრი წარუძღვება. სავარაუდოდ, პირველივე სხდომაზე, მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილების ვადით, სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით აირჩევს  საკრებულოს თავმჯდომარეს.

რუსთავის საკრებულოს ოცდახუთკაციანი შემადგენლობიდან 10 წევრი მაჟორიტარული, ხოლო 15 პროპორციული სისტემით იქნება წარმოდგენილი.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის თანახმად, თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მეხუთე მოწვევის საკრებულოს უმრავლესობას "ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველო" წარმოადგენს. მმართველმა პარტიამ 18 მანდატის მოპოვება შეძლო. აქედან, 10 – მაჟორიტარული, ხოლო 8 – პროპორციული სისტემით. დანარჩენი 7 მანდატი ოპოზიციურ პარტიებს შორის შემდეგნაირად გადანაწილდა: 3 მანდატი – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“,  2  მანდატი – „ბაქარაძე, უგულავა – ევროპული საქართველო“, ხოლო თითო მანდატი  მოიპოვეს „დავით თარხან‐მოურავი საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა” და „შალვა ნათელაშვილი– ლეიბორისტულმა პარტიამ“.

რუსთავის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო  − მუნიციპალიტეტის საკრებულო, 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევენების შედეგად  4 წლის ვადით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეების მიერ, პირდაპირი არჩევნებით, საყოველთაო, თანასწორი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით.აირჩა.

2017 წლის 21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებისთვის რუსთავში სულ 104 241 ამომრჩეველი და 84 საუბნო საარჩევნო კომისია იყო. არჩევნებში მონაწილეობა რუსთაველ ამომრჩეველთა 38,66 %–ა მიიღო.

ორგანული კანონის – „საარჩევნო კოდექსის“ შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქების/თვითმმართველი თემების მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოების - საკრებულოების პირველი სხდომების ჩატარების შესახებ განკარგულებას  ცენტრალური საარჩევნო კომისია გამოსცემს.

2017-11-14

ნავიგაცია