Image

გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის პროფესიული დრამატულ თეატრს დაარსებიდან ორმოცდაათი წელი შეუსრულდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, თეატრის დასი მაყურებლის წინაშე პრემიერით წარდგა.

სპექტაკლი „კვარტეტი“ ცნობილი ბრიტანელი დრამატურგისა და სცენარისტის, რონალდ ჰარვუდის ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით, თამაზ გოდერძიშვილის  ქართული სცენარით, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა და რეჟისორმა სოსო ნემსაძემ დადგა. სპექტაკლში რუსთავის დასის როგორც ძველი, ისე ახალი თაობის მსახიობები მონაწილეობდნენ.

საპრემიერო ჩვენებამდე, თეატრის ფოიეში, რუსთავის თეატრის ერთ-ერთი დამფუძნებელი მსახიობისა და წლების მანძილზე ამავე თეატრის დირექტორის – ჯემალ მაზიაშვილის შემოქმედებისა და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ამსახველი წიგნის პრეზენტაცია მოეწყო.

დღესვე, რუსთავის თეატრის შესასვლელში, თეატრის  უხუცესი მსახიობების - ნათელა მუხულიშვილის, ირაკლი ბექაიას და ჯემალ მაზიაშვილის ვარსკვლავების  გახსნის საზეიმო ცერემონია გაიმართა.

საიუბილეო ღონისძიებებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე, ქალაქის მერი ირაკლი ტაბაღუა, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი,  ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სხვა მიწვეულ სტუმრები დაესწრნენ.

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, თეატრის ღვაწლმოსილ მსახიობებს საიუბილეო თარიღი და ვარსკვლავის გახსნა მიულოცეს, ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის მადლობა გადაუხადეს და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

რუსთავის თეატრი 1967 წლის 30 ნოემბერს, გიგა ლორთქიფანიძის მიერ დადგმული სპექტაკლით - ედმონ როსტანის ,,სირანო დე ბერჟერაკით“ გაიხსნა.

 

2017-11-30

ნავიგაცია