Image

„ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი 2017“–ის ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგებით, ყველაზე ღია და ანგარიშვალდებულ თვითმმართველობად რუსთავის მუნიციპალიტეტი დასახელდა.

ერთიანი ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი პროექტის – „ღია და ანგარიშვალდებული თვითმმართველობებისათვის – მუნიციპალიტეტებში გამჭირვალობისა და მოქალაქეთა ჩართულობის ეროვნული შეფასება“ ფარგლებში შემუშავდა და სწავლობს ქვეყნის ყველა თვითმმართველი ორგანოს  გამჭირვალობას, ანგარიშვალდებულებას,  პროაქტიული გამოქვეყნების ხარისხს, მოქალაქეთა მონაწილეობის მექანიზმებსა და პრაქტიკებს.

პროექტის  პირველი ანგარიშის პრეზენტაცია დღეს, თბილისში, სასტუმრო ‘’Holiday Inn’’- ში,  გაიმართა. 

შეხვედრას, რომელიც ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა - ქეთი ხუციშვილმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ და ქალაქ თბილისის მერმა - კახა კალაძემ გახსენეს, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა,  საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის გამგებლები,  საერთაშორისო ორგანიზაციების, სამოქალაქო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის 2017 წლის ეროვნული ანგარიში შეხვედრის მონაწილეებს ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრის (CTC) წარმომადგენელმა გიორგი ტოკლიკიშვილმა წარუდგინა. მან ვრცლად ისაუბრა შეფასების კრიტერიუმებზე, წარმატებულ მიგნებებსა და მუნიციპალიტეტების საერთო რეიტინგებზე. 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტურის (IDFI) წარმომადგენელმა, თეონა ტურაშვილმა კი მონაწილეებს გააცნო ინდექსის ონლაინ პლატფორმა -WWW.LSGINDEX.ORG, რომლის გამოყენებითაც განხორციელდა ადგილობრივი თვითმმართველობების საბოლოო შეფასება. პლატფორმა მოიცავს თითოეული მუნიციპალიტეტის შედეგებს  საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების, ელექტრონული მმართველობის, მოქალაქეთა მონაწილეობისა და ანგარიშვალდებულების შესახებ 100 კრიტერიუმის მიხედვით, ასევე, კვლევის საერთო ანგარიშს, მეთოდოლოგიასა და რეკომენდაციებს. ღონისძიების ფარგლებში, დასახელდა ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის მიხედვით, ყველაზე მაღალი შედეგის მქონე 5 მუნიციპალიტეტი, მათ შორის რუსთავიც, რომელიც საერთო რეიტინგით ქვეყნის მასშტაბით პირველ ადგილზეა. წარმატებული მუნიციპალიტეტები სპეციალური სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის შეფასება 2017 წლის 15 მაისიდან 15 ივლისამდე პერიოდში, საქართველოს 71 მუნიციპალიტეტი განხოციელდა. შემფასებლის სტატუსით, პროცესში მონაწილეობა 10 რეგიონული საზოგადოებრივი ორგანიზაციის 21-მა წარმომადგენელმა  მიიღო.

პროექტს „ღია და ანგარიშვალდებული თვითმმართველობებისათვის – მუნიციპალიტეტებში გამჭირვალობისა და მოქალაქეთა ჩართულობის ეროვნული შეფასება“ , რომლის ფარგლებშიც ჩატარდა ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის კვლევა, კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) და მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრი (MSDC), ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს (OSGF) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებენ.

 

2017-12-05

ნავიგაცია