Image

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღეს მესამე რიგგარეშე სხდომა გამართა.

საკრებულომ მხარი დაუჭირა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების - „რუსთავის იურიდიული დახმარებისა ცენტრისა“ და „ინფორმაციის დამუშავებისა და ანალიზის ცენტრის“ ლიკვიდაციის განხორციელებაზე თანხმობის მიცემის საკითხს.  ლიკვიდაციას საფუძვლად დაედო ადგილობრივ თვითმმართვეობის კოდექსში განხორციელებული ცვლილება, რომლის თანახმადაც 2018 წლის 1 იანვრამდე მუნიციპალიტეტებმა უნდა უზრუნველყონ შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება, იმ სააქციო საზოგადოების, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებისა და არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირების ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით, რომლებიც  არ აკმაყოფილებენ აღნიშნული კანონის 1061 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. ამ მუხლის შესაბამისად, მერიამ საბიუჯეტო სახსრების გამოთავისუფლებისა და ეკონომიურად ხარჯვის მიზნით, აღნიშნული სამსახურების გაუქმებისა და ფუნქციების მერიის სტრუქტურული ერთეულისთვის გადანაწილების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

საკრებულოს წევრებმა, ასევე მხარი დაუჭირეს  რამდენიმე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეორგანიზაციის საკითხებს.   კერძოდ,  ერთიანდება  „უზრუნველყოფა“  და „ქალაქ რუსთავის დასუფთავება“, ხოლო რეორგანიზაციის შედეგად იქმნება ახალი სუბიექტი სახელწოდებით –  ა(ა)იპ „რუსთავსერვის ცენტრი“.  ერთიანდება „ახალგაზრდობის განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრი“, „სახელოვნებო გაერთიანებათა ცენტრი“ და „რუსთავის სასპორტო სკოლების განვითარების ცენტრიც“, შერწყმის შედეგად კი იქმნება ა(ა)იპ „ქალაქ რუსთავის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრი“ . რეოგრანიზაციის მიზანს ეფექტიანი მართვა და საბიუჯეტო სახსრების ეკონომიური ხარჯვა წარმოადგენს.

დღესვე, დეპუტატებმა ცნობად მიიღეს ორი ახალი ფრაქციის - „ქართული ოცნება-კონსერვატორებისა“ და „ქართული ოცნება-მრეწველების“ - დაფუძნების საკითხი. „კონსერვატორებს“ დავით მაღლაკელიძე, ხოლო „მრეწველებს“ გურამ ფირცხალაიშვილი უხელმძღვანელებს.

რიგგარეშე სხდომაზე, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი უძღვებოდა, საკრებულომ დღის წესრიგით გათვალისწინებული სულ შვიდი საკითხი განიხილა და ყველა დაამტკიცა.

 

2017-12-06

ნავიგაცია