Image

საახალწლო ღონისძებები რუსთავში გალ-კონცერტით დასრულდა. კონცერტში, რომელიც ქალაქის მთავარ მოედანზე გაიმართა, ლაშა ბერიძე, ოთო ნემსაძე, სალომე ბაკურაძე, დათუნა მგელაძე, ანანო მჟავია, თემურ თათარაშვილი, დათო ნეფარიძე და „პანჩო“ მონაწილეობდნენ.

კონცერტის მიმდინარეობისას, რუსთაველებს დამდეგი შობა - ახალი წელი სცენიდან, ქვემო ქართლის გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ, რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ და პარლამეტში რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ბეგაძემ მიულოცეს. ღონისძიებას რუსთავის საკრებულოს წევრები და  ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

საახალწლო პროგრამის ფარგლებში, რუსთავში, ქალაქის მთავარ მოედანზე სადღესასწაულო დეკორაციებით მორთულ „საახალწლო სოფელში“, მრავალფეროვანი ღონისძიებები სამი დღის განმავლობაში გრძელდებოდა. მოეწყო ხელნაკეთი ნივთებისა და სუვენირების გამოფენა-გაყიდვა, საბავშვო კონცერტები, საცირკო წარმოდგენები, ფლეშმობი, ილუზიონისტებისა და ანიმატორების შოუ, პატარებს კი სანტა კლაუსმა უმასპინძლა და საახალწლო საჩუქრები დაურიგა.

გაიმართა ფოლკლორული ანსამბლების: „თუთარჩელას“, „ფიროსმანის“,„მე რუსთველის“ , „სალხინოს“, ასევე, მუსიკალური ბენდების -  „გროს ოქტეტისა“ და ‘’Menzura”-ს კონცერტებიც.

საზეიმო ღონისძიებები ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის, ,,სახელოვნებო გაერთიანებათა ცენტრისა“ და „ახალგაზრდობის განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრის“ ორგანიზებით მოეწყო.

აღსანიშნავია, რომ ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, რუსთავის მერიის სოციალური პროგრამის ფარგლებში, საახალწლო საჩუქრები 3000-ზე მეტმა სხვადასხვა კატეგორიის ბენეფიციარებმა მიიღეს, ქალაქის ხელისუფლების წარმომადგენლებმა პირადად მიულოცეს დამდეგი შობა - ახალი წელი სხვადასხვა პროფესიის ღვაწლმოსილ ადამიანებს, მრავალშვილან, სოციალურად დაუცველ ოჯახებსა და მოხუცთა სახლში მცხოვრებ ხანდაზმულებს.

 

2018-01-01

ნავიგაცია