Image

სასკოლო ოლიმპიადის ფარგლებში, რუსთავის ქიმიკოსთა სპორტულ კომპლექსში, ქვემო ქართლის რეგიონული პირველობა გაიმართა კალათბურთში.

ტურნირში ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების სკოლების გუნდები მონაწილეობდნენ. ჩემპიონატის ფინალში, როგორც გოგონებში, ისე ვაჟებში, ერთმანეთს რუსთავისა და მარნეულის გუნდები დაუპირისპირდნენ.

ორივე ფინალური შეხვედრა რუსთავის #2 საჯარო სკოლის გუნდების გამარჯვებით დასრულდა.

ტურნირის გამარჯვებულებს თასი და სიგელები რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებმა გადასცეს.

საქართველოს მასშტაბით, სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 6 სახეობაში (ფეხბურთში, კალათბურთში, მაგიდის ჩოგბურთში, ფრენბურთში, გეზრბენსა და ხელბურთში) 2017 წლის სექტემბერში დაიწყო და 2018 წლის იანვარში დასრულდა. გამარჯვებული გუნდები მონაწილეობას იღებენ ქვემო ქართლის რეგიონულ პირველობაზე, რომელიც 4 მარტს დაიწყო.

ოლიმპიადის დასკვნითი ეტაპი მაისში, თბილისში გაიმართება, რომელიც საქართველოს ჩემპიონებს გამოავლენს. ყოველ 2 წელიწადში ერთხელ, ქვეყნის ჩემპიონები მსოფლიოს სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაზე ასპარეზობენ. სასკოლო სპორტული ოლიმპიადა უკვე 4 წელია მიმდინარეობს. ასპარეზობაში ყოველ წელს მონაწილეობენ რუსთავის საჯარო და კერძო სკოლები. სპორტული ღონისძიება რუსთავის მუნიციპალიტეტის ხელშეწყობით ტარდება.

2018-03-10

ნავიგაცია