Image

რუსთავში, ქიმიკოსთა სპორტულ კომპლექსში ვეტერანი კალათბურთელის, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელისა და რუსთავის საპატიო მოქალაქის, ოთარ ხმელიძის 60 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. 

ოთარ ხმელიძეს იუბილე რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით მაღლაკელიძემ, პარლამენტის რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელმა სოფიო ჯიქიამ, საკრებულოს წევრებმა და სპორტსმენებმა მიულოცეს. 

ქალაქის პირველმა პირებმა დამსახურებულ მწვრთნელს სამახსოვრო საჩუქრები და ქართული კალათბურთის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და სახელოვანი სპორტსმენების აღზრდისათვის სიგელები გადასცეს.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ქიმიკოსთა სპორტულ დარბაზში სუპერლიგის გათამაშების 26-ე ტურის შეხვედრასაც დაესწრნენ, სადაც ერთმანეთს ,,რუსთავი’’ და ,,მგზავრები’’ დაუპირისპირდნენ.

ოთარ ხმელიძე წლების განმავლობაში რუსთავის საკალათბურთო გუნდის მთავარ მწვრთნელად მუშაობდა და კლუბის არაერთი წარმატებაც სწორედ მის სახელს უკავშირდება.

2002 წელს საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ ოთარ ხმელიძეს საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის წოდება მიანიჭა. 2011 წლიდან ქალაქ რუსთავში, 2003-2004 წლებში დაბადებულ სპორტსმენებს შორის ყოველწლიურად იმართება მისი სახელობის ტურნირი კალათბურთში.

 

 

2016-04-15

ნავიგაცია