Image

სასტუმრო ,,რედისონ ბლუ ივერია’’-ში კონფერენცია თემაზე - ,, საქართველოს რეგიონული განვითარების მიღწევები და გამოწვევები’’ გაიმართა. ღონისძიება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ორგანიზებით, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის (SCO) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADC) ხელშეწყობით მოეწყო.
კონფერენციის მიზანი საზოგადოებისთვის იმ პროექტების გაცნობა იყო, რომელსაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო თვითმმართველობის რეფორმირების, ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებისა და დეცენტრალიზაციის კუთხით ახორციელებს.
ღონისძიება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა საქართველოში ნილს სკოტმა გახსნეს. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო და საზოგადოებას სიტყვით მიმართა რუსთავის მერმა და საქართველოს თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტმა დავით ჯიქიამაც.
შეხვედრას საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.
კონფერენციაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, თენგიზ შერგელაშვილმა საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2013-2016 წლებში დამტკიცებული პროექტების პრეზენტაცია წარადგინა. ღონისძიების ფარგლებში, ასევე, მოეწყო რეგიონებში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების ფოტო-გამოფენა.

2016-04-21

ნავიგაცია