რუსთავი მდიდარი ქორეოგრაფიული და ფოკლორული შემოქმედებითი ისტორიით გამოირჩევა . ქალაქი დაარსებიდან სულ ოციოდე წელს ითვლიდა , როცა მის წიაღში დაარსდა პირველი ქორეოგრაფიული ანსამბლი – ეს იყო ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის  ანსამბლი „რუსთავი“. რომელიც დღემდე ეწევა ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის ხელოვნების პოპულარიზაციას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

ანსამბლ „რუსთავი“ საფუძველი ჩაეყარა 1968 წელს ანზორ ერქომაიშვილისა და მისი მეგობრების მიერ. დაარსების შემდეგ ანსამბლი ნაყოფიერ შემოქმედებით საქმიანობას ეწევა: მონაწილეობს ფესტივალებში, იღებს და ახმოვანებს ტელე- და კინოფილმებს, აღადგენს მივიწყებულ ძველ ხალხურ სიმღერებსა და ცეკვებს. ანსამბლის რეპერტუარში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ფართო საზოგადოებისათვის დღემდე უცნობ ამა თუ იმ კუთხის სასიმღერო ჟანრის სხვადასხვა ნიმუშებს. “რუსთავმა” თავისი არსებობის მანძილზე ჩაიწერა 640 ქართული სიმღერისა და საგალობლის იშვიათი ვარიანტები, რომლებიც გამოსცა ფირფიტებისა და კომპაქტური დისკების სახით. მათ შორის აღსანიშნავია: 1901-30 წლების აღმოჩენილი ფონო ჩანაწერების საფუძველზე 2007 წელს ჩაწერილი “ქართული ხალხური სიმღერების” კომპაქტ დისკი, რომელშიც შედის კახური მრავალჟამიერისა და ჩაკრულოს უნიკალური ვერსიები. “რუსთავმა” არსებობის 40 წლის მანძილზე 4000-ზე მეტი კონცერტი გამართა და წარმატებით მოიარა მსოფლიოს 70-მდე ქვეყანა, სადაც მეტად პრესტიჟულ საკონცერტო დარბაზებში ოვაციას უმართავდნენ, პრესა კი უმაღლეს შეფასებას აძლევდა “რუსთავის” გამოსვლებს, მის საშემსრულებლო ხელოვნებას. ანსამბლს ჩატარებული აქვს კონცერტები ისეთ ცნობილ ადგილებში როგორებიცაა: როიალ ალბერტ ჰოლი, როიალ ფესტივალ ჰოლი (დიდი ბრიტანეთი), ოლიმპია, ზენიტი, მოგადორი (საფრანგეთი), ჰეროდეს ატიკუსი აკროპოლისი, ძველი ოლიმიური სტადიონი (საბერძნეთი), ეტოლე (მონაკო), ნაკ ოპერა, ნორს ბეი ართ ცენტრი (კანადა), კარნეგი ჰოლი, ბიქონ თეატრი, სივიკ ოპერა ჰაუსი (აშშ), ასპენდოს, ქონიაალთი (თურქეთი), კონცერტგებუვ ამსტერდამ, ფრიტს ფილიპს ეინთჰოვენი (ნიდერლანდები) ვინერ კონცერტჰაუსი (ავსტრია), როპონგი ჰილს გარდენ არენა (იაპონია), მოსკოვის მუსიკის საერთაშორისო სახლი, სანქტ-პეტერბურგის კონსერვატორიის დიდი საკონცერტო დარბაზი, ჩაიკოვსკის საკონცერტო დარბაზი (რუსეთი), ასევე ლათინური ამერიკის, სკანდინავიის, ყოფილი იუგოსლავისა და აფრიკის მრავალ ქვეყანაში. დაარსებიდან დღემდე ანსამბლში რამდენიმე თაობა შეიცვალა. “რუსთავის” შემადგენლობაში ყოველთვის მოღვაწეობდნენ საქართველოში სახელგანთქმული მომღერლები, მოცეკვავეები თუ ინსტრუმენტალისტები, რომელთა სახელები ოქროს ასოებით ჩაიწერა ქართული კულტურის ისტორიაში. დღეს ანსამბლში ახალგაზრდები მოვიდნენ. ისინი ღირსეულად აგრძელებენ ძველი თაობის საუკეთესო ტრადიციებს. “რუსთავი” კვლავაც წარმატებით გამოდის კონცერტებზე, იბრძვის ძველი იშვიათი ნიმუშების მოკვლევა-აღორძინებისათვის, ამდიდრებს რეპერტუარს უნიკალური ქართული სიმღერებით, ცეკვებით და დიდი ენთუზიაზმით ეწევა მათ პოპულარიზაციას როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთის ქვეყნებში.

2009 წლის ნოემბერში თბილისის ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ ანსამბლ „რუსთავის“ ვარსკვლავი გაიხსნა. ხოლო 2011 წლის მარტში კი ანსამბლის მთავარი ქორეოგრაფისა და მოცეკვავის ფრიდონ სულაბერიძის ვარსკვლავი გაიხსნა.

რუსთაველ ახალგზარდებში დღემდე ძალიან პოპულარულია ტრადიციული ქართული ცეკვა. რუსთაველი მოზარდების უმრავლესობა სწავლობს ქორეოგრაფიულ სტუდიებში და ეზიარება ხალხური ცეკვის ხელოვნებას. განსაკუთრებული წვლილი ქართული ქორეოგრაფიის პოპულარიზაციაში მიუძღვით  ანსაბლებს: „სალხინო“, „ხალიბი“, სიხარული“. ისინი არსებობის მრავალ ათეულ წელს ითვლიან და  არაერთი თაობა  აღზარდეს და ქართული ტრადიციებისა და  ქართული ხალხური ცეკვისადმი განსაკუთრებული სიყვარული ჩაუნერგეს .

1996 წელს რუსთავში ჩამოყალიბდა ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი „მე რუსთველი“.

თავდაპირველად, ანსამბლი მთავარანგელოზ მიქაელის მონასტერთან შეიქმნა. 2000 წელს კი ვანო სარაჯიშვილი სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორისა და ფოკლორის კათედრის გადაწყვეტილებით მას კონსერვატორიის ფოლკლორული ანსამბლის სტატუსი მიენიჭა, სწორედ ამ დროიდან ანსამბლი აქტიურ საკონცერტო  ცხოვრებას იწყებს. იგი მონაწილეობს საქალაქო ღონისძიებებში,  სხვადსხვა ფესტივალებში როგორც ქვეყნის ტერიტორიაზე ისე მის საზღვრებს გარეთ:

2004 წელს რუსთავში შეიქმნა ქალთა ფოკლორული ანსამბლი „თუთარჩელა“

13 მომღერლისგან შემდგარი ანსამბლი რუსთავის ფოლკლორის სკოლაში ფუნქციონირებს. მისი  ხელმძღვანელი და დირიჟორი ფოლკლორის სკოლის დირექტორი, თამარ ბუაძეა.  ანსამბლის რეპერტუარში საქართველოს სხვადასხვა კუთხის, უმთავრესად კი ლაზური სიმღერებია. ანსამბლმა შექმნიდან 5 თვეში ჩაწერა ალბომი, , რომელშიც შედის საქართველოს ყველა კუთხის 23 სიმღერა. პირველი წარმატება ანსამბლმა იმავე წელს მოიპოვა. 2004 წლის მაისში, თბილისში გამართულ საგუნდო ფესტივალ “კულტურის დღეები _ 2004″”თუთარჩელამ 4 ნომინაცია: საუკეთესო ანსამბლის, საუკეთესო ლოტბარის, საუკეთესო ქართული ნაწარმოების შესრულებისათვის, საუკეთესო სიმღერის დამუშავებისათვის მოიპოვა.

ანსამბლის შემოქმედებით და რეპერტუარით დაინტერესდა გერმანელი რეჟისორი რუთ ოლშენი, რომელმაც 2004 წლის ივნისში გადაიღო დაკუმენტური ფილმი ქართულ ხალხურ კულტურაზე (სიმღერა-ცეკვა). ფილმის სახელწოდებაა “სამყაროთა შორის”. ამ ფილმში განსაკუთრებით გაშუქებულია ანსამბლ “თუთარჩელას” ყოფითი და შემოქმედებითი ცხოვრება. ფილმის პრემიერა შედგა თბილისსა და ბერლინში. 
2004 წლის 23-27 სექტემბერს თბილისში ჩატარებულ ტრადიციული მრავალხმიანობის მეორე საერთოშორისო სიმპოზიუმზე ანსამბლ “თუთარჩელამ” წარუშლელი კვალი დატოვა სიმპოზიუმში მონაწილე უცხოელ კოლეგებზე, რომელთაც ანსამბლი დახვეწილი სასიმღერო მანერით, ძლიერი ემოციური მუხტით და არტისტიზმით გამოარჩიეს. ანსამბლს აქვს ქართულ ხალხურ საკრავთა ტრიო(სალამური, ფანდური და ბასფანდური), რომლებიც თავის რეპერტუარში როგორ ქართულ ხალხურ სიმღერებს ასევე, ევროპულ კლასიკის ცნობილი მელოდიებს ასრულებებ.

მრავალი საქალაქო ღონისძიებისა და კონცერტის მონაწილეა ასევე ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი “ფიროსმანი”, რომელიც მამუკა გულაღაშვილის თაოსნობით შეიქმნა.

რუსთავმა 2011 წლის 23 ივნისს პირველად უმასპინძლა სახალხო ფესტივალ „არტგენს“, რომლის მიზანი ქართული ხალხური შემოქმედების, საოჯახო ფოლკლორის უცნობი ნიმუშების შეკრება, ძირძველი ტრადიციების მოძიება და პოპოლარიზაციაა.

ფესტივალში მონაწილეობა ქალაქში მოქმედმა ყველა ფოლკლორულმა და ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა მიიღო.

 

ნავიგაცია