ძველი რუსთავის ახალი სიცოცხლე


 

რუსთავის მშენებლობას საფუძველი საბჭოთა ეპოქაში, 1944 წელს, ამიერკავკასიაში უდიდესი მეტალურგიული ქარხნის მშენებლობის პარალელურად ჩაეყარა.  ახალმა სამრეწველო დაბამ რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქის სტატუსი 1948 წელს მიიღო. ამავე წელს სახელები მიენიჭა ქალაქის პირველ ქუჩებს, ეს იყო : “ახალგაზრდა კომუნარების”,  “რუსთავის მშენებელთა” და”ბოსტან-ქალაქის” ქუჩები.

თანდათან განვითარდა საქალაქო ინფრასტრუქტურა, შეიქმნა სოციალურ-კულტურულ დაწესებულებათა ფართო ქსელი. კიდევ ერთხელ განახლდა რუსთავის არხი. მოსახლეობა ადგილობრივი და სხვა საბჭოთა რესპუბლიკებიდან ჩამოყვანილი კადრების ხარჯზე იზრდებოდა. 1944 წელს გაიხსნა პირველი სკოლა, 1950 წელს გამოადნეს პირველი ქართული ფოლადი, 1954  ში — თუჯი და კოქსი, 1956 წელს  კი ამიაკი.

1950 წელს გაიხსნა რუსთავის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, 1967 წელს – პირველი თეატრი. რუსთავი მსხვილ ინდუსტრიულ ცენტრად იქცა. 1988 წელს ქალაქში 35 მსხვილი საწარმო ფუნქციონირებდა. მათ შორის: მეტალურგიული კომბინატი, “აზოტის”, “ქიმბოჭკოს”,” ცემენტის”, “ლითონკონსტრუქციის” და “ამწემშენებელი” ქარხნები. თუმცა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ძველი ეკონომიკური კავშირების მოშლის შედეგად, მრავალი საწარმო გაკოტრების პირას დადგა, შედეგად, კი 90-იანი წლებში ქალაქი უმუშევრობისა და სიღარიბის პრობლემის წინაშე აღმოჩნდა

2004-2006 წლებში განხორციელდა სახელმწიფო ქონების ფართომასშტაბური პრივატიზაცია, რომელმაც ნაწილობრივ რუსთავის საწარმოებიც მოიცვა. ქალაქის ეკონომიკამ დაიწყო სტაგნაციიდან გამოსვლა. ქვეყნის მასშტაბით განხორციელდა რეფორმები, რაც დადებითად აისახა ქალაქის განვითარებაზე. ქალაქის მიმართ გაიზარადა ინტერესი, რასაც მოყვეა კერძო ინვესტიციების შემოდინება. შედეგად, ნელ–ნელა მოწესრიგდა  რუსთავის კომუნალური სფერო, ქალაქს კი მოეხსნა ელექტრომომარაგებასთან, წყალმომარაგებასა და გაზმომარაგებასთან დაკავშირებული პრობლემები.

ამ დროისთვის, რუსთავში განთავსებულია რამდენიმე მსხვილი მეტალურგიული და სამშენებლო საწარმო, ცემენტისა და ქიმიური მრეწველობის ქარხანა.  სახელმწიფო პოლიტიკის შედეგად ამოქმედდა რამდენიმე ახალი საწარმოც. 2015 წელს დაწყებული პროგრამის – "აწარმოე საქართველოში" დაფინანსებით, ფუნქციონირებს სხვადასხვა სამრეწველო ობიექტი. რუსთავში განხორციელდა არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლის შედეგადაც მოწესრიგდა საგზაო ინფრაქტრუქტურა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა საცხოვრებელი შენობების  სახურავებსა და ფასადებს, გარემონტდა საბავშვო–ბაგა–ბაღები, მოწესრიგდა ქალაქის სანიაღვრე სისტემა, კეთილმოეწყო ქალაქის სკვერი და ცენტრალური მოედანი. განსაკუთრებით აღსანიშნავია, მასშტაბური პროექტი, რომლის ფარგლებშიც განახლდა რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკი, რითაც ქალაქს საუკეთესო დასასვენებელი და გასართობი სივრცე შეემატა. 2016 წელს განხორციელდა მასშტაბური პროექტი – კოსტავას გამზირის რეაბილიტაცია, რომელმა მთლიანად შეუცვლა იერსახე რუსთავის ერთ–ერთ ძველ ქუჩას.

რუსთავში განთავსებულია სხვადასხვა სახელმწიფო სტუქტურების წარმომადგენლობები, მათ შორის იუსტიციის სახლი, სახელმწიფო მომსახურების სააგენტო, რეგიონალური არქივი, ასევე, გადაუდებელი დახმარებისა და საგანგებო სიტუაციების სამსახურის - „112“ -ის პირველი რეგიონული ოფისი. 

რუსთავი წარმოადგენს თვითმმართველ ქალაქს და მინიჭებული აქვს სახელწოდება – ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი. რუსთავის ხელისუფლებას წარმოადგენს აღმასრულებელი ხელისუფლება – მერია საყოველთაო, ჯენჭისყრის შედეგად არჩეული მერის ხელმძღვანელობით და წარმომადგენლობითი ორგანო – საკრებულო ოცდახუთკაციანი შემადგენლობით. მუნიციპალიტეტის უმაღლეს თანამდებობის პირს წარმოადგენს მერი, ხოლო საკრებულოს ხელმძღვანელობს საკრებულოს წევრთა ხმათა ურავლესობით არჩეული თავმჯდომარე. ქალაქი დაყოფილია 10 ადმინისტრაციულ ტერიტორიულ ერთეულად. თითოეული ერთეულიდან არჩეულია საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი, რომელიც წარმოადგენს მოსახლეობის ინტერესებს ხელისუფლებაში, ასევე დანიშნულია მერის წარმომადგენელი, რომელსაც აკისრია ლოკალურ დონეზე, ადგილობრივ ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის მედიატორის ფუნქცია.

ბოლო მონაცემებით, რუსთავში დაახლოებით  124 000 ადამიანი ცხროვრობს, რომელთა შორისაც სხვადასხვა ეთნიკური უმცირესობებიც არიან.

ნავიგაცია