მდებარეობა

რუსთავი ქვემო ქართლის რეგიონისა და თბილისის აგლომერაციაში მყოფი ქალაქებიდან უდიდესია და რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრს წარმოადგენს. ის მდებარეობს ქვემო ქართლის ვაკეზე 41,5º განედსა და 41,5º გრძედზე, საქართველოს დედაქალაქიდან სამხერთ–აღმოსავლეთის მიმართულებით, ზღვის დონიდან დაახლოებით 350 მეტრზე.

რუსთავს უკავია 6060 ჰექტარი უნაყოფო სტეპის ტერიტორია. დასავლეთიდან მას ესაზღვრება იალღუჯისა და ჩათმის მთები, ხოლო აღმოსავლეთით - გარდაბნისა და ფონიჭალის ველები. ქალაქს მარცხენა და მარჯვენა სანაპიროდ ჰყოფს მდინარე მტკვარი. ქალაქის მარცხენა სანაპიროზე მდებარეობს ე.წ. „ძველი რუსთავის“ დასახლება, ხოლო მარჯვენაზე – ე.წ. „ახალი რუსთავი“. სანაპიროები ერთმანეთს უკავშირდება 1 კილომეტრი სიგრძის ხიდით. რუსთავს ესაზღვრება გარდაბნისა და მარნეულის მუნიციპალიტეტები.

ქალაქი ასევე, გამოირჩევა სტრატეგიული მდებარეობით. ის დედაქალაქის ცენტრიდან დაშორებულია 27 კილომეტრით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 20 კილომეტრით, სომხეთის რესპუბლიკის საზღვრიდან – 45 კილომეტრით, ხოლო აზერბაიჯანის საზღვრიდან – 30 კილომეტრით. თბილისისა და რუსთავის საზღვრებს შორის უმოკლესი მანძილი 7,66 კილომეტრია. რუსთავის მახლობლად გადის რეგიონული საკომუნიკაციო დერეფანი –TRACECA;. ქალაქის მარცხენა სანაპიროს ესაზღვრება საქართველოს ცენტრალური სარკინიგზო მაგისტრალი და უახლოესი რკინიგზის სადგურია „რუსთავი“. რუსთავის ტერიტორიას კვეთს: თბილისი-ბაქოს სარკინიგზო მაგისტრალი და თბილისი-ერევნის სარკინიგზო მაგისტრალი; რუსთავზე გადის საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო მაგისტრალი – ს-4 ,,თბილისი-წითელი ხიდი (აზერბაიჯანის საზღვარი)“.შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებია:
- შ-32 “თბილისი-გაჩიანი-რუსთავი”, სიგრძე 28 კმ;
- შ-68 “რუსთავი (ხიდიდან)-გარდაბანი-ვახტანგისი (აზერბაიჯანის საზღვარი)”, სიგრძე 164,9 კმ;
- შ-69 ”გამარჯვება-რუსთავი”, სიგრძე 7,4

კლიმატი

რუსთავი აშენებულია უნაყოფო სტეპის ტერიტორიაზე. მისი კლიმატი გარდამავალია ხმელთაშუა ზღვისა და სტეპის ჰავას შორის და ხასიათდება ზომიერად ცივი ზამთრითა და მშრალი, ცხელი ზაფხულით. იანვრის საშუალო ტემპერატურა +0,3 გრადუსია, ივლისის კი – +25,3 . ნალექის საშუალო რაოდენობა წელიწადში 390 მმ–ს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ქალაქისთვის დამახასიათებელია მზიან დღეთა ხანგრძლივობა. მდინარე მტკვარი, რომელიც რუსთავს ორ ნაწილად ჰყოფს, ქალაქის ტერიტორიის  4 კილომეტრი სიგრძის მონაკვეთს იკავებს.  მდინარის ხეობაში, რომლის ფართობი დაახლოებით  1028 ჰა–ს შეადგენს,  განთავსებულია ბუნებრივი, ე.წ. ჭალის ტყე (ფართობი 1105 ჰა), სადაც ძირთადად, ისეთი ფოთლოვანი მცენარეები ხარობს  როგორიცაა : ტირიფი, ვერხვი და იფანი, იშვითად –მუხა.

ტყე–ჭალის ტერიტორია რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკის ნაწილია. პარკში კი მდებარეობს ხელოვნურად შექმნილი ტბა.ქალაქის დასახლებულ ტერიტორიაზე ხელოვნურად არის გაშენებული ფოთლოვანი მცენარეები მათ შორის: შავი ფიჭვი, კედარი, იფანი და ჭადარი. ასევე, სკვერებსა და ქალაქის ცენტრალური საავტომობილო გზის შუაგამყოფ ზოლებზე გვხვდება  სხვადასხვა  ყვავილოვანი და ბუჩქოვანი კულტურული მცენარეები.

ნავიგაცია