ისტორია

რუსთავის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი დაარსდა 1950 წ. ცნობილი არქეოლოგისა და საზოგადო მოღვაწის გოგი ლომთათიძის თაოსნობით. 1951 წ. მას სათავეში ჩაუდგა თამარ პაატაშვილი. 1953 წლის 1 მარტს გაიხსნა პირველი ექსპოზიცია.
მუზეუმის ფონდებში თავს იყრიდა 1944 წლიდან ქალაქ რუსთავის მშენებლობაზე მიწის სამუშაოების დროს შემთხვევით თუ არქეოლოგიური გათხრებით მოპოვებული მასალა, ქარხნების, ქალაქის მშენებლობისა და კულტურული ცხოვრების ამსახველი დოკუმენტები, ისტორიული კუხეთის (გარდაბნის რაიონი) არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული ნივთები. ამჟამად მუზეუმში თავმოყრილია 30 000–მდე ექსპონატი.
ექსპონატების რაოდენობის ზრდამ  მოითხოვა მუზეუმის გაფართოება. 1988 წ. დასრულდა მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოები და გაიხსნა ახალი საექსპოზიციო დარბაზები.
2007 წლიდან მოხდა მუზეუმის რეორგანიზაცია და მას რუსთავის ისტორიული მუზეუმი ეწოდა. ამჟამად აქ მოქმედებს ძველი (ძვ.წ. XVIII – ახ.წ. XVIII სს.) და თანამედროვე რუსთავის (XX ს. II ნახევარი) ისტორიის ამსახველი მუდმივმოქმედი ექსპოზიციები, სამეცნიერო, საგამოფენო, საგანმანათლებლო პროგრამების განყოფილებები. მუზეუმი აწარმოებს არქეოლოგიურ კვლევა-ძიებას. დღეს, მდგომარეობით რუსთავის ისტორიული მუზეუმი მუნიციპალური დაქვემდებარების არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს და წარმოადგენს და ქალაქის ადგილობრივი ბიუჯეტის სუბსიდიით ფუნქციონირებს.

მუზეუმის არქეოლოგიური ექსპედიციები

2006 წ. _ კუხეთის (რუსთავის) არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ ნაქალაქარის ტერიტორიაზე (წმ. ნინოს ქუჩაზე გორგასალის ეკლესიის ეზოში) წინა წლებში დაწყებული გათხრები გაგრძელდა, სადაც გამოვლინდა: IV-XIII სს. საცხოვრებელი ნაგებობები, მათ შორის სასახლეებიც; VI-VII სს. ქალაქის დაწინაურებული ფენის ნეკროპოლი (სარკოფაგები, ქვის სამარხები); VIII-IX სს. თიხის ჭურჭლისა და კრამიტის გამისაწვავი ოთხი ქურა; XI-XIII სს. რიგითი მოქალაქეების სამაროვანი.
2007 წ. _ გათხრები გაგრძელდა რუსთავის ციტადელზე. გაითხარა IX-XI სს. ორსართულიანი სასახლის ნაწილი და ციხე-სიმაგრის ბურჯები, IV ს. არხის ფრანგმენტი.
2008 წ. _ გაგრძელდა მუშაობა ციტადელის IX-XI სს. სასახლეზე; გამოვლინდა IV ს. 25 მ მონაკვეთი.  არხის გაწმენდისას აღმოჩნდა ჩუქურთმიანი სტელის ფრაგმენტები.

 

 

 

ნავიგაცია