პირველი ბიბლიოთეკა რუსთავში 1948 წელს გაიხსნა.  ამჟამად, ქალაქში ფუნქციონირებს საბიბლიოთეკო ქსელი, რომელიც მთავარ ბიბლიოთეკასა და სამ ფილიალს აერთიანებს. საბიბლიოთეკო გაერთიანების წიგნის ფონდი 200 000–მდე წიგნსა (ბეჭდური ეგზემპლიარი), პერიოდულ გამოცემებს შეიცავს და მუდმივად განახლებადია. ქალაქის საბიბლიოთეკო გაერთიანებას მიმდნარე წლის მონაცემებით, დაახლოებით 10 000 მუდმივი მომხმარებელი ჰყავს, რომელთაც 60 000–ჯერ გაეწიათ მომსახურება. 2010 წელს  ბიბლიოთეკის შენობისა და სამკითხველო დარბაზის მოდერნიზაცია– განახლება მოხდა და მკითხველი პროფესონალურ მომსახურებას,  სასიამოვნო და მყუდრო ატმოსფეროში იღებს. 2015 წელს გარემონტდა ბიბლიოთეკის ფილიალებიც. საბიბლიოთეკო გაერთიანება ძირითადი საქმიანობის გარდა სხვა სახის საგანმანათლებლო–კულტურულ საქმიანობასაც ეწევა. იგი  ხშირად მასპინძლობს სამეცნიერო–შემეცნებით კონფერენციებს, კონკურსებს, წიგნის პრეზენტაციებს, წიგნის ავტორებთან შეხვედრებს, შემოქმედებით საღამოებსა და სხვა საგანმანათლებლო-კულტურულ ღონისძიებებს.

2008 წელს, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭრით, ქალაქის მთავარ ბიბლიოთეკაში განათლების და კულტურის ამერიკული ცენტრი–„ამერიკის კუთხე“ შეიქმნა, სადაც მკითხველს შესაძლებლობა აქვს, გაეცნოს ამერიკულ მხატვრულ, სამეცნიერო ლიტერატურასა და ამერიკულ პერიოდულ გამოცემებს. ასევე ფუნქციონირებს კინოკლუბი და ინგლისური ენის შემსწავლელი საბავშვო კლუბი, მუდმივად იმართება კონკურსები და თრენინგები. „ამერიკის კუთხე“ ხშირად მასპინძლობს შეხვედრებს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან, საელჩოს წარმომადგენლებსა და სხვა საპატიო სტუმრებთან.
საბიბლიოთეკო ქსელი თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ადგილობრივი ბიუჯეტიდან, პროგრამული დაფინანსების საფუძველზე ფუნქციონირებს.

 

ნავიგაცია