რუსთავის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო და მუნიციპალიტეტის უმაღლესი თანამდებობის პირი არის მერი, რომელიც წარმოადგენს მუნიციპალიტეტს და უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებების განხორციელებას. მერი აირჩევა 4 წლის ვადით, პირდაპირი არჩევნებით, საყოველთაო, თანასწორი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით.
რუსთავის მერი – დავით ჯიქია, მოსახლეობამ 2014 წლის 15 ივნისს გამართული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, წარმომადგენლობით ორგანო – საკრებულოსთან ერთად აირჩია. მერი ხელმძღვანელობს მერიას, რომელიც მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოსადმი დაქვემდებარებული დაწესებულებაა და უზრუნველყოფს მერის უფლებამოსილების განხორციელებას. რუსთავის მერს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილე. მერიის შემადგენლობა კი 10 სტრუქტურული ერთეულითაა წარმოდგენილი. სტრუქტურული ერთეულები შესაბამისი დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, უზრუნველყოფენ აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების დავალებების შესრულებას.
აღმასრულებელი ორგანოს თანამდებობის პირები არიან: მერი, მერის პირველი მოადგილე, მერის მოადგილე და მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები. რუსთავის მუნიციპალიტეტში მათი რაოდენობა ცამეტია.

ნავიგაცია