1944 წელს, ძველ ნაქალაქარზე ამიერკავკასიის მეტალურგიული ქარხნისა და ახალი დასახლების მშენებლობა დაიწყო. 1948 წლის 19 იანვარს, დასახლებას ქალაქის სტატუსი მიენიჭა. ახალი რუსთავი ინდუსტრიულ ცენტრად ჩამოყალიბდა, აქ წარმოებული პროდუქცია კი  მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გადიოდა .

რუსთავის მშენებლობის პირველ ხანებშივე ნათელი გახდა, რომ ქალაქი ძველ, შუა საუკუნებიის ნაქალაქარზე შენდებოდა. რაც მიწის სამუშაოებითა და მცირე არქეოლოგიური გათხრებით დადასტურდა.

1944–48 წლებში არქეოლოგიური სამუშაოები ჩაატარეს მ. ივაშჩენკომ და ნ. ღამბაშიძემ. 1949 წ. შეიქმნა ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიული ინსტიტუტის რუსთავის არქეოლოგიური ექსპედიცია, ცნობილი არქეოლოგის გ. ლომთათიძის ხელმძღვანელობით, რომელმაც დაიწყო რუსთავის გეგმაზომიერი შესწავლა. 1949 წლის აპრილიდან რუსთავში სისტემატური არქეოლოგიური  კვლევა დაიწყო, გაითხარა რუსთავის ციხისა და არხის აღმოსავლეთ ფლასტისპირა ზეგანზე განფენილი ნაქალაქარის უბნები. ამავე წელს შესწავლილი იქნა მდინარე მტკვრის მარჯვენა მხარეს ციხის მოპირდაპირედ მდებარე სამაროვნები (ცურტაველისა და თბილისის ქუჩების მიმდებარე ტერიტორია) გამოვლენილი და შესწავლილი იქნა ძირითადად შუა საუკუნეების (IV-XIII სს) კუთვნილი არქეოლოგიური და არქიტექტურული ძეგლები – რუსთავის ციხე, ნაქალაქარი და სამაროვნები, აგრეთვე ბრინჯაოსა და ელინისტური ეპოქის კულტურული ფენები – სამარხები, ნასახლარები და სხვა.

ქალაქის ტერიტორიაზე გაითხარა სხვადასხვა პერიოდის, დაწყებული შუა და გვიან ბრინჯაოადრერკინის ხანიდან შუა საუკუნეების ჩათვლით არქეოლოგიური ძეგლები, გასაკუთრებით წარმოჩინდა შუა საუკუნეების ქალაქის ციხე ციტადელი სამი სხვადასხვა პერიოდის (IV–V, VIII-IX, XI-XII სს), აბანოები (VI-VIII, XII-XIII სს, ) .

მნიშვნელოვანი არექოლოგიური ძეგლები გამოვლინდა ციხის გარშემო განფენილ ნაქალაქარის სხვადასხვა უბანზე. რიყის ქვით ბაგები საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობები, მარნები, ეკლსიისკენ მიმავალი ქუჩა ქულბაქებით, ხოლო მდიდრულ უბნებზე– კაპიტალური, ქვით ნაგები, წითლად შეღებილი კრამიტია და ანტეფიქსებით შემკული შენობები, რუსთავის ერისთავთ (რევიანთა) სამაროვანი ქვის სარკოფაგები, სამეთუნო სახელოსნო.

ინტენსიური კვლევა–ძიება მიმდინარეობდა 1959–65, 1972-1989, 2003, 2006-2008 წლებში. 2003 წლამდე არქეოლოგიურ სამუშაოებს აწარმოებდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიის კვლევის ცენტრი, ხოლო შემდეგ – ადგილობრივი თვითმმართველობა და რუსთავის ისტორიული მუზეუმი. ექსპედიციას  ხელმძღვანელობდნენ მისი დამაარსებელი და სულისჩამდგმელი გ. ლომთათიძე, მ. მიწიშვილი, ნ. უგრელიძე, ც. ჩიკოიძე (1976-2006 წწ) 2006 წლიდან კი ნ. პაჭიკაშვილი. ექსპედიციის მუშაობაში დიდი წვლილი მიუძღვით გ. ლომთათიძის მოწაფეებს  – თ. არჩვაძეს, მ. ჩხატარაშვილს, ე. ჯანდიერს და სხვ.

2006 წელს კუხეთის (რუსთავის) არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ ნაქალაქარის ტერიტორიაზე (წმ. ნინოს ქუჩაზე, გორგასალის ეკლესიის ეზოში) წინა წლებში დაწყებული გათხრები გაგრძელდა, სადაც გამოვლინდა: IV-XIII სს. საცხოვრებელი ნაგებობები, მათ შორის სასახლეებიც; VI-VII სს. ქალაქის დაწინაურებული ფენის ნეკროპოლი (სარკოფაგები, ქვის სამარხები); VIII-IX სს. თიხის ჭურჭლისა და კრამიტის გამისაწვავი ოთხი ქურა; XI-XIII სს. რიგითი მოქალაქეების სამაროვანი.

2007 წელს გათხრები გაგრძელდა რუსთავის ციტადელზე. გაითხარა IX-XI სს. ორსართულიანი სასახლის ნაწილი და ციხე-სიმაგრის ბურჯები, IV ს. არხის ფრანგმენტი.

2008 წელს გაგრძელდა მუშაობა ციტადელის IX-XI სს. სასახლეზე; გამოვლინდა IV ს. 25 მ მონაკვეთი.  არხის გაწმენდისას აღმოჩნდა ჩუქურთმიანი სტელის ფრაგმენტები.

დღეის მდგომარეობით,  რუსთავის არქოლოგიური ძეგლები ნაწილობრივაა გათხრილი და კვლევას საჭირობს. განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს რუსთავის ციხე და IX-XIII საუკუნეების სასახლე, რომლის შესწავლა შეჩერდა. მიუხედავად ამისა, შეიძლება თამამად ითქვას, რომ რუსთავის ციხის სასახლე ქართული ხუროთმოძღვრების უნიკალური ძეგლია და აღმოჩენილ მასალასთან ერთად, განვითარებული შუასაუკუნების საქართველოს მატერიალური კულტურის მაღალ დონეზე მიანიშნებს. არქეოლოგიური გათხრების შედეგად, დაგროვდა მდიდარი არქეოლოგიური ფონდი. დაახლოებით 30 000-მდე ექსპონატი, რომელიც ინახება საქართველოს ეროვნულ და რუსთავის ისტორიულ მუზეუმებში. მასალებმა მნიშვნელოვნად შეცვალეს წარმოდგენა ქალაქის ისტორიის შესახებ, რუსთავი წარმოჩინდა როგორც საინტერესო არქეოლოგიური ძეგლი და შუა საუკუნეების საქართველოს მნიშვნელოვანი ქალაქი. ცხადი გახდა მისი შემდგომი შესწავლის აუცილებლობაც.

 


არქეოლოგიური მონაპოვარი 

 

ნავიგაცია