ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია სპორტის პოპულარიზაციისა და განვითარებისათვის არაერთ პროექტს ახორციელებს, რაც  არსებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას, სპორტის სხვადასხვა სახეობის განვითარების ხელშეწყობას და წარმატებულ სპორტსმენთა  წახალისებას ისახავს მიზნად.

სპორტის ინდივიდუალური სახეობების უკეთ მართვის, მათი განვითარების ხელშეწყობისა და საწვრთნელი ბაზების გაუმჯობესების მიზნით, რუსთავში ფუნქციონირებს მუნიციპალური სამსახური – ა(ა)იპ „ქალაქ რუსთავის სასპორტო სკოლების განვითარების ცენტრი“. ცენტრის დაქვემდებარებაში არიან მწვრთნელები და აღსაზრდელები სპორტის ოცდაოთხ სახეობაში, ესენია: კალათბურთი, ფრენბურთი, ხელბურთი, ჭადრაკი, ჩოგბურთი, მხატვრული ტანვარჯიში, სპორტული აკრობატიკა, კრივი, თავისუფალი ჭიდაობა, ბ/რ ჭიდაობა, ქართული ჭიდაობა, ძიუდო-სამბო, ფარიკაობა, ძალოსნობა, აღმოსავლური ორთაბრძოლა, ტაეკვონდო, უ-შუ, მკლავჭიდი, ბატუტი, კუნგ-ფუ და სანდა, ფეხბურთი, ნიჩბოსნობა, წყალბურთი, მაგიდის ჩოგბურთი, მძლეოსნობა.

2015 წელს „სასპორტო სკოლების განვითარების ცენტრის“ სპორტსმენებმა სხვადასხვა სახეობაში 88 – პირველი, 75-მეორე და 96 მესამე ადგილი მოიპოვეს. განსაკუთრებით აღასანიშნავია 31 მაისი-7 ივნისს, ბულგარეთში, ,,ევროპის მკლავჭიდის 25-ე ჩემპიონატში“ გიორგი მელიქიშვილის მიერ მოპოვებული პირველი ადგილი, 23-28 სექტემბერს, გერმანიაში. . ,,ევროპის ჩემპიონატი აკრობატიკაში“ პირველი გუნდური ადგილი და 25-29 ნოემბერს, პოლონეთში, ,,ევროპის პირველობა ახალგაზრდებს შორის კრივში“ ნიკოლოზ ბეგაძის მიერ მოპოვებული პირველი ადგილი.

ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივით, ეტაპობრივად მიმდინარეობს სპორტული ბაზების რეაბილიტაციაც. რუსთავის ქიმიკოსთა სპორტულ კომპლექსში, რომელიც 1979 წელს აშენდა, ათეული წლის შემდეგ პირველად, წელს, მასშტაბური სამუშაოები ჩატარდა. გარემონტდა ჰოლი, ადმინისტრაციული ოთახები, სავარჯიშო დარბაზები, გასახდელები და სველი წერტილები, მთლიანად შეიცვალა ელექტროგაყვანილობა და მოეწყო მსაჯთა ოთახი.  რუსთავის ქიმიკოსთა სპორტკომპლექსში რეგულარულად იმართება ტურნირები და სხვადასხვა სპორტული ღონისძიებები, ფუნქციონირებს ძიუდოს, უშუს, მკლავჭიდის, ძალოსნობის, მხატვრული ტანვარჯიშისა და კალათბურთის წრეები. სხვადასხვა სახეობაში, დარბაზში, ამჟამად 400 სპორტსმენი ვარჯიშობს. უკვე, დაწყებულია ვახუშტის ქუჩაზე, ჭიდაობის პატარა დარბაზის რეაბილიტაცია.  უახლოეს მომავალში კი იგეგმება ლომოურის ქუჩაზე, ჭიდაობის დიდი დარბაზისა და ნიკოლაძის ქუჩაზე, ფოლადის დარბაზის რეაბილიტაცია.

აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის, რაგბის ფედერაციისა და „ქართუ ჯუფის“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში, მე-18 მიკრო რაიონის ტერიტორიაზე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, უდიდესი სარაგბო სპორტული კომპლექსი აშენდა. მის შემადგენლობაში ხელოვნური, ბუნებრივსაფარიანი მოედნები და ე.წ. სავარჯიშო სილიანი მოედანია.  აშენდა სხვადასხვა დანიშნულების დამხმარე შენობა–ნაგებობა, მათ შორის : ბილეთების სარეალიზაციო სალაროები, გასახდელები და საშხაპეები. რაგბის მოედნებზე განსაზღვრულია გულშემატკივრებისათვის განკუთვნილი ადგილების რაოდენობაც – ხელოვნურსაფარიან მოედანზე –2760, ბუნებრივსაფარიანზე კი  1020 ადგილი.

ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ქალაქის საჩოგბურთო კორტებსაც. პროექტის ფარგლებში,  განახლდა სამი მოედანი, ადმინისტრაციული შენობა, მაყურებელთა ტრიბუნა და სხვადასხვა სისტემა.

რუსთავში ფუნქციონირებს უნივერსალური ორთაბრძოლების ფედერაციის ფილიალი, სადაც თანამედროვე სტანდარტების მქონე, უახლესი ინფრასტრუქტურით აღჭურვილი სპორტული კომპლექსია განთავსებული. ფუნქციონირებს ფიტნეს– კლუბიც, რომელიც ვარჯიშის მსურველებს შეღავათიან ფასში ემსახურება.

რუსთავში განთავსებულია ოლიმპიური სტანდარტების შესაბამისი, საცურაო კომპლექსი „არენა“. 3 ათას 500 კვადრატულ მეტრზე განთავსებული სპორტული კომპლექსში 33 მეტრი სიგრძისა და 22 მეტრი სიგანის აუზი,  200-ზე მეტ მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა, ფიტნესის დარბაზი, საუნა, სილამაზის სალონი, კაფე, საბილიარდო და სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურაა მოწყობილი. ახალი აუზი ქვეყნის მასშტაბით უდიდესია და წყალბურთში საერთაშორისო ტურნირების მასპინძლობისათვის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს. ქალაქში ასევე, არსებობს შედარებით მცირე აუზი "თოლია", სადაც არაერთი პროფესიონალი სპორტსმენი დაოსტატდა. 

მხარისა და ქალაქის ხელმძღვანელობის ინიციტივითა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, კლდიაშვილის ქუჩის მიმდებარედ არსებულ სკვერში, მოეწყო ღია ტიპის სავარჯიშო მოედანი, სადაც დამონტაჟდა სხვადასხვა სახეობის ძელი, მცირე ტრიბუნები და გარე განათების თანამედროვე სისტემა.  რუსთავის ცენტრალურ პარკში, კი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პროექტის ფარგლებში, რუსთავის მერიისა და სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით მოეწყო ქუჩის სპორტის ერთ-ერთი პოპულარული სახეობის -„Street workout” ის („ქუჩის ვარჯიში“) ღია ტიპის სავარჯიშო მოედანი, რომელიც ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

ქალაქის მასშტაბით ხუთი სტადიონი და ათეულობით სავარჯიშო დარბაზია სპორტის სხვადასხვა სახეობაში, ასევე, ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივით მიმდინარეობს, ქალაქის ტერიტორიაზე არსებული ღია ტიპის სპორტული მოედნების რეაბილიტაცია და იგეგმება ახალი მოედნების მოწყობა.

ამჟამად, რუსთავის შემოსასვლელში, 21-ე მიკრორაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბორის პაიჭაძის სახელობის ფეხბურთის აკადემია შენდება. სპორტული კომპლექსის მშენებლობა უეფასა და ფეხბურთის ფედერაციის ერთობლივი პროექტია და საქართველოს მთავრობისა და რუსთავის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება.

აკადემიის ტერიტორიაზე განთავსდება ადმინისტრაციული შენობა, 140 კაცზე გათვლილი სასტუმრო, 6 საფეხბურთო მოედანი, აქედან სამი ხელოვნურ და სამი ბუნებრივ საფარიანი, აგრეთვე ოლიმპიური სტანდარტების შესაბამისი საცურაო აუზი, ხელბურთის, კალათბურთისა და მინი ფეხბურთის მოედნები, ჩოგბურთის ერთი დახურული და ორი ღია კორტი, სამედიცინო და ფიტნეს-ცენტრები.


სპორტის ისტორია რუსთავში

1948 წელს მეტალურგთა ქალაქის დაარსებიდანვე ჩაეყარა საფუძველი ცენტრალური სტადიონის მშენებლობას, რომელსაც ჯერ „მეტალურგი“, შემდგ „გორდა“, მოგვიანებით კი „ფოლადი“ ეწოდა.

1948 წელს , სტადიონის აშენებისთანავე, მის ბაზაზე შეიქმნა საფეხბურთო კლუბი „რუსთავის მეტლურგიც“.

კლუბი 1990 წლამდე  საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ლიგაში გამოდიოდა. 1990 წელს კი მას სახელი შეეცვალა და „გორდა“ ეწოდა. 2006 წლის  ივლისში, მის ბაზაზე შეიქმნა საფეხბურთო კლუბი –  რუსთავის„ ოლიმპი“. დაარსების პირველივე წელს, “ოლიმპმა” ბრწყინვალედ გაიარა რთული და გრძელი გზა საქართველოს ჩემპიონის საპატიო ტიტულამდე. უაღრესად დაძაბულ პაექრობაში უკან ჩამოიტოვა ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი თბილისის “დინამო” და სხვა საუკეთესო, ფინანსურად ძლიერი გუნდები. ბოლო წლებში, კერძო მფლობელის ფინანსური პრობლემების გამო, რუსთავის საფეხბურთო კლუბი დაშლის პირას აღმოჩნდა, რაც აისახა სპორტულ შედეგებზეც, თუმცა რუსთავის მერის, დავით ჯიქიას ინიციატივით, სპორტის ამ სახეობის შენარჩუნების მიზნით,  შეიქმნა მუნიციპალური დაქვემდებარების კლუბი – შპს „რუსთავის რუსთავი“, რომელმაც თავი მოუყარა ნიჭიებ სპორტსმენებს და აქტიურად მუშაობს, რათა გუნდმა, შეძლოს თავის დამკვიდრება და ძველი სახელის დაბრუნება.

რამდენიმე ათეული წლის ისტორია აქვს რუსთავის საკალთუბრთო გუნდსაც.  1991 წელს იგი კლუბის სახით ჩამოყალიბდა და „აზოტი„ ეწოდა, მოგვიანებით, 2005 წლიდან  კი ენერჯი ინვესტის“  სახელით განაგრძო არსებობა. ამჟამად კლუბი მუნიციპალურ დაქვემდებარებაშია და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, ახალი სახელით – “რუსთავით“ განაგრძობს არსებობას.

გუნდის ჩამოყალიბება საქართველოს დამსახურებულ მწვრთნელ ოთარ ხმელიძესა და კლუბის დირექტორ ამირან ხაჩიძის სახელს უკავშირდება. აღსანიშნავია, რომ "რუსთავი" "დინამოსთან" ერთად, ერთადერთი გუნდია, რომელსაც საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ყველა გათამაშებაში  აქვს მონაწილეობა მიღებული.

კლუბისთვის ყველაზე წარმატებული პერიოდი 2006-2010 წლები იყო, როდესაც მან საქართველოს ჩემპიონის ტიტული ზედიზედ ოთხჯერ მოიპოვა, ასევე, არის ოთხგზის ვერცხლის და სამგზის, ბრინჯაოს მედალოსანი. 2009 წელს „რუსთავი“ საქართველოს თასის გამარჯვებულიც გახდა. რაც შეეხება მემორიალურ ტურნირებს, რუსთაველმა კალათბურთელებმა დუდუ დადიანის მემორიალის მოგება ექვსჯერ შესძლეს, ხოლო ზურაბ საკანდელიძე-მიხეილ ქორქიას ტურნირებში ოთხჯერ გაიმარჯვეს.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ „რუსთავმა“ საქართველო ფიბა-ს საერთაშორისო ტურნირებზე ხუთჯერ წარადგინა.  ოცდახუთწლიანი ისტორიის მანძილზე, რუსთავის საკალათბურთო კლუბმა არაერთი წარმატებული სპორტსმენი აღზარდა. მათ შორის არიან: რამაზ გოგობერიშვილი, მიხეილ ბერუაშვილი, ირაკლი ჯაფარიძე, ვლადიმერ ბოისა, ილია კეჭაყმაძე, ანატოლი ბოისა, მიხეილ ჭოჭუა, აკაკი დვალიშვილი, გიორგი ცეკვავა და სხვა.

რუსთავში არსებობს სარაგბო კლუბიც. "ხარები" ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ტრადიციების მქონეა საქართველოში. ის 1990 წელს „აზოტის“ სახელით“ ალექსანდრე ლობჟანიძის მიერ დაარსდა. მას შემდეგ, რაც ეროვნული ჩემპიონატი ტარდება, რუსთაველებმა ყველა სინჯის მედლები თითოჯერ მოიპოვეს. 1993 წელს ჩემპიონობა იზეიმეს, 1994 წელს ვერცხლის მედალს დაეუფლნენ, ხოლო 1997 წელს ბრინჯაოს მედალოსნები გახდნენ. თუმცა შემდეგ, უსახსრობის გამო გუნდი დაიშალა.

1999 წელს დავით კაკაბაძემ კვლავ გადაწყვიტა გუნდის ჩამოყალიბებდა. მან რაგბისთვის შესაფერისი ახალგაზრდები შეარჩია, შექმნა გუნდი, რომელმაც 2001 წლიდან პირველ ლიგაში დაიწო ასპარეზობა.

2009 წელს „ხარები“ უმაღლეს ლიგას დაუბრუნდა. ბოლო წლებია, რუსთავის კლუბი პროგრესს განიცდის. 2014-15 წლების სეზონზე  საქართველოს პირველობაზე „ხარებმა“ საუკეთესო ექვსეულში მოხვედრა შესძლეს, ასევე შვიდკაცა ჩემპიონატში მიიღეს მონაწილეობა და ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს, ხოლო 2015 წლის აგვისტოში ოთხეულის ამხანაგური ტურნირის გამარჯვებულებიც გახდნენ.

კლუბს განსაკუთრებული მხარდაჭერა  აქვს  ადგილობრივი ხელისუფლებისგან.  ა(ა)იპ „რუსთავის ხარები“  ქალაქის ბიუჯეტიდან ფინანსდება.

აღსანიშნავია, რომ რუსთავის სარაგბო სკოლამ ეროვნული ნაკრების არაერთი წამყვანი მოთამაშე აღზარდა. მათ შორის-მევლუდ მთიულიშვილი, ლევან ცაბაძე, პალიკო ჯიმშელაძე, ზაზა ხუციშვილი, კახაბერ უჩავა, გოდერძი შველიძე, დავით ზირაქაშვილი, იური ნატრიაშვილი, ვაჟა ხუციშვილი...

ტრადიცია გრძელდება და ამჟამად "ხარების" ახალგაზრდა მორაგბეები საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრების ღირსებას წარმატებით იცავენ.  აღსანიშნავია ისიც, რომ 2012 წელს რუსთავში საერთაშორისო სტანდარტების მქონე რაგბის სტადიონი აშენდა. ახალ სტადიონის გახნის შემდეგ რუსთაველი მოზარდების რაგბისადმი ინტერესი საგრძნობლად გაიზარდა და უკვე 400-მდე ბავშვი ვარჯიშობს. რუსთავის სტადიონმა არაერთ საერთაშორისო მატჩსაც უმასპინძლა.

„ხარების“ ხელმძღვანელობის მხარდაჭერით 2014 წელს რუსთავში გოგონათა გუნდიც ჩამოყალიბდა და ეროვნული ნაკრების რიგებში უკვე რუსთაველი მორაგბეებიც ირიცხებიან. ამჟამად „ხარები“-ს მორაგბეები „დიდ 10-სა“ და ყველა ასაკობრივ ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილეობენ და მაღალი მიზნებისთვის იბრძვიან.

„ნიჩბოსნობის“ სპორტულმა სკოლამ, რომელიც 1967 წლიდან არსებობს ქალაქის კულტურისა და დასვენების პარკში, ბაიდარასა და კანოეს ნიჩნოსნობაში დახელოვნებული არაერთი წარმატებული სპორტსმენი  აღზარდა.

რამდენიმე ათეული წლის წინ რუსთავში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა ავტოსპორტი და ქალაქი მის უმთავრეს ცენტრად ითვლებოდა ამიერკავკასიაში.  მოგვიანებით, ქართული ავტოსპორტის მასშტაბი  შემცირდა და რუსთავის ავტოდრომის ტრასა მხოლოდ შიდა ასპარეზობებისთვის გამოიყენებოდა. ბოლო წლებში სპორტის ამ სახეობამ კვლავ მოიპოვა განსაკუთრებული პოპულარობა, რამაც ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ავტოდრომის მშენებლობის დაწყებას მისცა ბიძგი. ავტორდრომი რუსთავის შემოსასვლელში, ავტობაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე 75 ჰექტარ ტერიტორიაზე, კერძო ინვესტიციებით აშენდა. ის 4 ათას 122 მეტრ სიგრძის სარბოლო ტრასითა და 5000 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნით,  რეგიონში ერთადერთი უმაღლესი სტანდარტების სარბოლო ტრასაა, რომელსაც აქვს პერსპექტივა შევიდეს მსოფლიოს ავტოდრომთა სიაში და საერთაშორისო, მაღალი დონის ტურნირებს უმასპინძლოს. ტერიტორიაზე  მოწყობილია, მრბოლელთა სკოლა, ტუნინგ ცენტრი, ტექდათვალიერების ზონა, სამედიცინო პუნქტი და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურა.

ნავიგაცია