Image

რუსთავში ახლადაშენებული #10 საბავშვო ბაღი დღეს საზეიმოდ გაიხსნა.

გახსნის საზეიმო ცერემონიალს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატები - პაატა მხეიძე და გიორგი ბეგაძე, ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველოს უფროსი ეკა დგებუაძე და სკოლამდელი განათლების განვითარების სამმართველოს უფროსი ნინო ბესელია, რუსთავში ოფიციალური ვიზიტით მყოფი პოლონეთის დელეგაციის წევრები და სხვა მიწვეული სტუმრები დაესწრნენ.

საბავშვო ბაღის შესასვლელში, წითელი ლენტი, სიმბოლურად, ქვემო ქართლის გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ და რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ გახსნეს, რის შემდეგაც ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ახალი შენობა დაათვალიერეს.

#10 საბავშვო ბაღის შენობა დაზიანებული და ავარიული იყო. ძველი ბაღის დემონტაჟის შემდეგ, იმავე ადგილზე ახალი, თანამედროვე სტანდარტების, ექვს სააღმზრდელო ჯგუფსა და 230 ბავშვზე გათვლილი ბაღი აშენდა.

პროექტის ფარგლებში, მოხდა ბაღის შენობის ფასადის საიზოლაციო მასალით დათბუნება, დამონტაჟდა სავენტილაციო, ცენტრალური გათბობისა და სახანძრო უსაფრთხოების სისტემები, შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვა სველი წერტილები, შემოიღობა და კეთილმოეწყო ბაღის ეზო.

პროექტი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა. 
სამუშაოების სატენდერო ღირებულებამ 1 078 222 ლარი შეადგინა, აქედან თანხის 13, 76 % მუნიციპალიტეტის თანადაფინანსება იყო.

2018-05-21

ნავიგაცია