Image

ძველ რუსთავში კოსტავას გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ქალაქის ისტორიული ნაწილის რესტავრაციის პროექტის ფარგლებში, საწყის ეტაპზე გზის სავალ ნაწილზე არსებული ბორდიურები და ასფალტის ძველი საფარი მოიხსნება
პროექტი, რომლის განხორციელებაც რუსთავის მერის, დავით ჯიქიას ინიციატივით დაიწყო, კოსტავას გამზირის #1-დან #17-მდე და ფიროსმანის #3 და #5 საცხოვრებელი კორპუსების ფასადებისა და მინათებების მოპირკეთებას ითვალისწინებს. დაზიანებული შენობები გამაგრდება არმირებული ბადეებით და გაილესება, დაზიანებული არქიტექტურული ორნამენტები ახლით შეიცვლება, კორპუსებს დაუბრუნდება პირვანდელი სახე და შეიღებება წყლისა და მტვრისგან დამცავი მაღალი ხარისხის საღებავით, შენობებზე დამონტაჟდება თანამედროვე სანათები, შეიცვლება ყველა ძველი კარი, შეიღებება ხის ფანჯრები, მოეწყობა საცრემლეები და მარკიზები.
რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში ასევე შეიცვლება სანიაღვრე სისტემა, სადაც ჩაიდება გოფრირებული მილები მიმღები ჭებით. სავალ ნაწილზე დაიგება 18 სმ სისქის არმირებული ბეტონის საფარი, მოეწყობა ბაზალტის ბორდიურები. სავალი ნაწილის ზედაპირი მოპირკეთდება ბუნებრივი ფლეთილი ქვით, ტროტუარსა და გაზონს შორის მოეწყობა ბაზალტის ქვით მოპირკეთებული დეკორატიული კედელი, გაზონები შემოიღობება ლითონის დეკორატიული ღობით და დამონტაჟდება სარწყავი სისტემა, რომელიც მდინარე მტკვრიდან გაფილტრული წყლით მომარაგდება, მოეწყობა 4სმ სისქის დაწნეხილი ფილებით გაფორმებული ტროტუარი, სადაც განთავსდება სკამები, სანაგვე ურნები და სასმელი წყლის შადრევნები, გზის სავალი ნაწილის გასწვრივ და ტროტუარზე დამონტაჟდება გარე განათების თანამედროვე სისტემა.
პროექტი, რომლის ღირებულება 5 363 393 ლარს შეადგენს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება. სამუშაოებს რუსთავის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,დაგი’’ ახორციელებს. რეაბილიტაციის პროცესი მიმდინარე წლის 30 ნოემბერს დასრულდება.

2016-04-25

ნავიგაცია