Image

ევროკავშირის ,,მერების შეთანხმების’’ სადემონსტრაციო პროექტების პროგრამის (CoMDeP) ფარგლებში, რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების #40 ფილიალის ენერგოეფექტური რეკონსტრუქცია დაიწყო.

რეკონსტრუქციის პირველი ეტაპის ფარგლებში, ფილიალში, გათბობისა და ცხელი წყლის მომარაგების სისტემები (მზის კოლექტორებთან კომბინაციაში), ახალი სავენტილაციო, ელექტროტექნიკური სისტემები და ენერგოეფექტური კარ-ფანჯრები დამონტაჟდება, შემდეგ ეტაპზე კი შენობის გარე კონსტრუქცია დაითბუნება.

სადემონსტრაციო პროექტს - „ქალაქ რუსთავში სამი საბავშვო ბაღის (№6 №40 №41) რეკონსტრუქცია ენერგოეფექტურობის მაღალი სტანდარტის მიღების და ნახშიროჟანგის ემისიების შემცირების მიზნით“ - ევროკავშირის მხარდაჭერითა და დაფინანსებით, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია და „მდგრადი განვითარებისა და პოლიტიკის ცენტრი“ (SDAP) ერთობლივად ახორციელებენ.  

სამუშაოების მიმდინარეობას რუსთავის მერი დავით ჯიქია, მერის პირველი მოადგილე ნოდარ შეროზიასთან, დავით აღმაშენებლის ადმინისტრაციულ ერთეულში საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ მამუკა მიქაუტაძესთან, „რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების“ ხელმძღვანელ გიორგი მაღლაფერიძესა და „მდგრადი განვითარებისა და პოლიტიკის ცენტრის“ წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე გაეცნო.

ენერგოეფექტური რეკონსტრუქციის პროექტის პირველი ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოები უკვე დასრულდა ბაგა–ბაღების გაერთიანების #6 ფილიალში, სადაც რეაბილიტაციის მეორე ეტაპი ზაფხულში განხორციელდება. 

808 765 ევროს ღირებულების პროექტს ევროკავშირი – 646 527, ხოლო რუსთავის მერია 162 238 ევროთი აფინანსებს. სამუშაოები, რომელსაც კომპანია „ემლაინი“ ასრულებს მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდება.

პროექტი რუსთავს, როგორც „მერების შეთანხმების“ ხელმომწერ ქალაქს, დაეხმარება აღებული ვალდებულებების შესრულებაში. 2011 წელს, რუსთავმა ხელი მოაწერა ,,მერების შეთანხმების“ ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც, 2020 წლისათვის, ქალაქის ტერიტორიაზე CO 2 -ის გამოფრქვევა 20%-ით უნდა შემცირდეს.

2016-05-14

ნავიგაცია