განცხადებები

სამუშაო შეხვედრა პროექტის – „მონაწილეობითი ადგილობრივი ბიუჯეტირება ქალაქ რუსთავში“ ფარგლებში

  • 2016-06-01
Image

რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის – „მონაწილეობითი ადგილობრივი ბიუჯეტირება ქალაქ რუსთავში“ ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას, რომელსაც ორგანიზაცია “MEPCO”-ს ჩეხი ექსპერტები - პეტრა მაშკოვა, მარტინ გუბა და პროექტის კოორდინატორი, რევაზ ბარბაქაძე უძღვებოდნენ, რუსთავის მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

მონაწილეები დეტალურად გაეცნენ პროექტის მიზნებსა და დაგეგმილ აქტივობებს. მათ ასევე, მიეცათ რეკომენდაციები ბიუჯეტირების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის ხარისხის შეფასებასთან, სამიზნე ჯგუფების განსაზღვრის მეთოდოლოგიასთან, იდეების სელექცია–შერჩევის, პრიორიტეტების იდენტიფიკაციის პროცესთან და პროექტით გათვალისწინებულ სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით.

 „მონაწილეობითი ადგილობრივი ბიუჯეტირება ქალაქ რუსთავში“ მიზნად ისახავს რუსთავის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერას ქალაქში მონაწილეობითი ბიუჯეტირების პრაქტიკის დასანერგად, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი ხელისუფლების ანგარიშვალდებულების გაზრდასა და მოსახლეობის ჩართულობას ქალაქისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. პროექტი ასევე, ითვალისწინებს მონაწილეობითი ბიუჯეტირების ინსტიტუციური მექანიზმების შექმნას, მუნიციპალური ადმინისტრაციული სტრუქტურების შესაძლებლობების გაძლიერებას, საზოგადოებრივ ჯგუფებსა და თვითმმართველობას შორის აქტიურ კომუნიკაციას. რუსთავის მოსახლეობას საშუალება ექნება, აქტიურად ჩაერთოს ქალაქის ცხოვრებაში და მონაწილეობა მიიღოს ადგილობრივი ბიუჯეტის პრიორიტეტების განსაზღვრაში.

რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია პროექტს ნიდერლანდების სამეფოს მუნიციპალიტეტების ასოციაციასა და მუნიციპალიტეტების საერთაშორისო საკონსულტაციო ცენტრთან თანამშრომლობით ახორციელებს. პროექტი ევროკავშირის მიერ ფინანსდება და ორი წლის განმავლობაში გაგრძელდება.