განცხადებები

სოციალური პროგრამების ხელმისაწვდომობის მიზნით, 2019 წლის იანვრიდან, რუსთავის მერია მოსახლეობას ახალ სერვისს სთავაზობს

  • 2018-12-20
Image

მოქალაქეთა სოციალური მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, რუსთავის მერია მოსახლეობას კიდევ ერთ სიახლეს სთავაზობს.

2019 წლის იანვრიდან, რუსთაველებს მედიკამენტებით დახმარების, აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის, C ჰეპატიტით დაავადებული მოქალაქეების მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრისთვის საჭირო კვლევების დაფინანსების, ასევე, უფასო სასადილოებით მომსახურებისა და მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობაზე შეღავათის დაწესების პროგრამებით სარგებლობისთვის, შესაბამისი განცხადებით, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის ნაცვლად, შეუძლიათ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ტერიტორიული ერთეულის ოფისს მიმართონ. 

პროექტის ფარგლებში, რუსთავის მერიაში, ქალაქის ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებისთვის სპეციალური ტრენინგიც გაიმართა.

ტრენინგის მონაწილეებს, ახალი ინიციატივის შესახებ დეტალური ინფორმაცია, მერიის აპარატის სერვისების განვითარებისა და საქმისწარმოების განყოფილების უფროსმა, თამთა დოკვაძემ მიაწოდა.

პროექტი, მოქალაქეთა მომსახურების გაუმჯობესებისა და მუნიციპალური სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, რუსთავის მერის, ირაკლი ტაბაღუას ინიციატივით ხორციელდება.

მიმდინარე წლის ივნისიდან, რუსთაველებისთვის შესაძლებელი გახდა, ინფრასტრუქტურულ პრობლემებთან დაკავშირებული განცხადებაც მერიის შენობის ნაცვლად, ასევე, საცხოვრებელი მისამართის მიხედვით, ადმინისტრაციული ერთეულის ოფისში შეიტანონ.