Image

რუსთავის დელეგაციის ვიზიტი პოლონეთში გრძელდება. რუსთავის ხელმძღვანელობამ დღეს შეხვედრები ქალაქ ლოძის მერიაში გამართა. ლოძი ერთ-ერთი პირველია, რუსთავთან დამეგობრებულ ქალაქებს შორის. რუსთავისა და ლოძის დამეგობრების მემორანდუმს ხელი 1995 წელს მოეწერა. აღსანიშნავია, რომ დამეგობრების შემდეგ ქალაქებს შორის კომუნიკაცია უწყვეტია და მუდმივად ხდება სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებზე როგორც ქართული დელეგაციების გამგზავრება ლოძში, ასევე ლოძის წარმომადგენლობის სტუმრობა რუსთავში. შეხვედრაზე ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლაზე ისაუბრეს, რაც გულისხმობს, ერთობლივ ეკონომიკურ პროექტებს. ლოძის მერია აქტიურად ითანამშრომლებს რუსთავთან ინვესტიციების მოძიების მიმართულებითა და აუდიტის სამსახურის მუშაობის გაძლიერების კუთხით. მოხდება რუსთავის თვითმმართველობის თანამშრომელთა გადამზადება გაცვლითი პროგრამებით.

ლოძის მერიაში ქართული დელეგაციის სტუმრობა ადგილობრივი მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა, რუსთავის თვითმმართველობის ხელმძღვანელობის ვიზიტი ათამდე ადგილობრივმა მედიასაშუალებამ გააშუქა.

ირაკლი ტაბაღუა, ლევან ონიანთან და დავით რეხვიაშვილთან ერთად, პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ილია დარჩიაშვილის მიწვევით, ოფიციალური ვიზიტით პოლონეთში 10 მარტს გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში რუსთავის ხელმძღვანელობამ შეხვედრები უკვე გამართა ქალაქ პრუშკოვში.

ასოცირების ხელშეკრულების თანახმად, ფინანსთა სამინისტროს რეკომენდაციით, რუსთავის ხელმძღვანელობა შემდგომი გაზიარების მიზნით, გაეცნობა ქალაქ ლოძში შიდა აუდიტის სამსახურის საქმიანობასა და გამოცდილებას.

2019-03-14

ნავიგაცია