Image

რუსთავის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომათა დარბაზში, საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ქავთარაძე უძღვებოდა.

საკრებულოს სხდომის ფარგლებში, დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ოთხი ძირითადი საკითხი განიხილეს და ქალაქისთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეს. კერძოდ, XXI, XII და VII მიკრორაიონებში და აღმაშენებლის გამზირიდან სანაპიროს ქუჩამდე ტროტუარების სარებილიტაციო სამუშაოები შესრულდება. აგრეთვე, დაგეგმილია საფეხბურთო და საკალათბურთო სპორტული მოედნების მოწყობა-რეაბილიტაცია. მიმდინარე წელს, ქალაქში 635,395 ლარის ღირებულების, ოთხი სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება.

ზემოთ აღნიშნული საკითხი სხდომაზე დეპუტატებს, რუსთავის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების და ტრანსპორტის სამსახურის უფროსმა ზურა ტაბაღუამ გააცნო.

საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა, რუსთავის ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების 2019-2020 წლების გეგმა მოისმინეს და ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.

როგორც მომხსენებელმა რევაზ ბარბაქაძემ განაცხადა, ევროკავშირის ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ფარგლებში, რომელშიც რუსთავის მერია 2017 წელს ჩაერთო, შეიქმნა ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ჯგუფი, რომელმაც ადგილობრივ და სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობის შედეგად, შეიმუშავა აღნიშნული დოკუმენტი. გეგმა მოიცავს ქალაქის ორწლიანი განვითარების ხედვას, მიზნებს და ამოცანებს. აღნიშნული გეგმის განხორციელების საორიენტაციო თანხა, ბარბაქაძის თქმითვე, 445 000 ლარს შეადგენს, აქედან წილობრივად, 290 000 ლარით ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ხოლო 155 000 ლარით საერთაშორისო დონორებისგან დაფინანსდება.

2019-03-14

ნავიგაცია