Image

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი, დავით აღმაშენებლის სახელობის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატი გიგა ჯღარკავა და ამავე ადმინისტრაციული ერთეულის მერის წარმომადგენელი ლაშა ბუცხრიკიძე, XIX მიკრორაიონში, მოდებაძის ქუჩის კერძო დასახლების მოსახლეობას შეხვდნენ და მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნენ.

როგორც შეხვედრაზე მოქალაქეებმა განაცხადეს, მოდებაძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიის განაშენიანება 30 წელია ეტაპობრივად მიმდინარეობს, თუმცა დასახლებაში დღემდე არ არის სასმელი წყალი და ბუნებრივი აირი. მოსახლეობამ კომპანიებთან „სოკარ ჯორჯია გაზსა“ და „რუსთავის წყალთან“ საკრებულოს თავმჯდომარეს შუამდგომლობის გაწევის და არსებული პრობლემის გადაწყვეტის თხოვნით მიმართა.

საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანმა, თავის მხრივ, შეკრებილ მოსახლეობას თვითმმართველობაში მიმდინარე იმ სამუშაოებზე მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიაში მიმდინარეობს, კერძოდ საკითხი ეხება ზონის ცვლილებას. ტერიტორიისთვის საცხოვრებელი ზონის მინიჭების შემთხვევაში, მოხდება დასახლების დამისამართება, რაც ხელს შეუწყობს გარკვეული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას.

2019-03-28

ნავიგაცია