Image

რუსთავის მერიაში, ,სკოლამდელი აღზრდის ეროვნული ასოციაციის’’დამფუძნებელი შვიდი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა ხელი მოაწერა დეკლარაციას ,,სკოლამდელი განათლება-ჩვენი პრიორიტეტული სოციალური ანგარიშვალდებულება’’. 
დეკლარაციის ხელმოწერის ღონისძიებაში მონაწილეობა რუსთავის, ბაღდათის, გარდაბნის, მარნეულის, თიანეთის მერებმა, ოზურგეთისა და დუშეთის მერების პირველმა მოადგილეებმა მიიღეს. 
დეკლარაციის ხელმოწერის ინიციატივა რუსთავის მერს, ირაკლი ტაბაღუას ეკუთვნის. 
ღონისძიებას ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი, საკრებულოს წევრები, რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი და სკოლამდელი განათლების ასოციაციის თავმჯდომარე ეკატერინე ხუციშვილი, მუნიციპალიტებების ოფიციალური პირები და საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანებების ხელმძღვანელები, რომლებიც ამავდროულად საქართველოს სკოლამდელი განათლების ეროვნული ასოციაციის წევრები არიან. 
აღნიშნული ინიციატივა საერთაშორისო ორგანიზაციის ,,გადავარჩინოთ ბავშვები’’(Save the Children), ასოციაცია „კივიტას გეორგიკას“ და საქართველოს სკოლამდელი განათლების ეროვნული ასოციაციის მიერ, მსოფლიო ბანკის დაფინანსებული პროექტის ,,საქართველოში სკოლამდელი განათლების ხელშეწყობა სოციალური ანგარიშვალდებულების გზით“ ფარგლებში ხორციელდება. 
დეკლარაციის პირობების თანახმად, ხელმომწერი მუნიციპალიტეტები მხარს დაუჭერენ სკოლამდელი განათლების სფეროში თანამშრომლობის განვითარებას, საბავშვო ბაღებში დასაქმებულ პირთა უწყვეტ პროფესიულ განვითარებას, ხელს შეუწყობენ სკოლამდელი განათლების პრაქტიკაში, აგრეთვე, მართვისა და დაფინანსების სისტემებში ბავშვზე ორიენტირებული, ხელმისაწვდომი, ხარისხიანი და ინკლუზიური სკოლამდელი განათლების პრონციპების დანერგვას, უზრუნველყოფენ ერთობლივი კონფერენციებისა და სემინარების ჩატარებას. 
2018 წლის 4 ივლისს, ,,სკოლამდელი აღზრდის ეროვნული ასოციაცია’’ შეიქმნა, რომელშიც რუსთავთან ერთად, 7 მუნიციპალიტეტი იყო გაერთიანებული. ასოციაციაში დღეისთვის უკვე 42 მუნიციპალიტეტია გაწევრიანებული. 
ასოციაციის საქმიანობის მიზანი, სკოლამდელი განათლების დაწესებულებებს შორის გამოცდილების ურთიერთგაზიარება, პედაგოგებისა და პერსონალის გადამზადება, ასევე არსებული პრობლემების დროულად და კოორდინირებულად გადაჭრა, ასოციაციასა და ცენტრალურ თუ ადგილობრივ ხელისუფლებას შორის თანამშრომლობის ხელშეწყობაა.

2019-04-05

ნავიგაცია