Image

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში, საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმთან დაკავშირებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

ქვემო ქართლის რეგიონის მეწარმეებმა, საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.

ღონისძიება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით გაიმართა. 
შეხვედრა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა გახსნა. შემდეგ კი სიტყვა გადასცა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს გიორგი ქობულიას, რომელმაც ადგილობრივ მეწარმეებს ახალი პროგრამის დეტალები გააცნო.

შეხვედრას რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე, ეკონომიკის სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი, სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი და ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების მერები დაესწრნენ.

საკრედიტო-საგარანტიო სქემა გულისხმობს ისეთი სიცოცხლისუნარიანი მცირე და საშუალო საწარმოებისთვის საკრედიტო გარანტიის გაცემას, რომელთაც არ აქვთ შესაძლებლობა დააკმაყოფილონ სესხის უზრუნველყოფაზე არსებული მოთხოვნები. ამ მიზნით, მიმდინარე წლის ბიუჯეტში 20 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

როგორც საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა განაცხადა, ქონებრივ უზრუნველყოფასთან დაკავშირებული პრობლემები, გამოწვევა იყო მცირე და საშუალო საწარმოებისთვის, საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის ამოქმედება კი, მნიშვნელოვანი ხელშეწყობა იქნება ასეთი კომპანიებისთვის. 
,,რეგიონების მეწარმეებისთვის ახალი ინიციატივის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა, საჯარო-კერძო დიალოგის ფორმატში, სამომავლოდაც გეგმავს, პერმანენტულ საინფორმაციო შეხვედრებს, რათა ამ მექანიზმით, რაც შეიძლება მეტმა კომპანიამ ისარგებლოს“-განაცხადა ნინო ჩიქოვანმა.

სქემის ოპერირებას და მონიტორინგს სააგენტო ,,აწარმოე საქართველოში“ უზრუნველყოფს.
• სქემის ფარგლებში საკრედიტო გარანტიები გაიცემა მხოლოდ ლარის სესხებზე და გარანტიის მაქსიმალური ვადიანობა შეადგენს 10 წელს. 
• სქემის ფარგლებში გაცემული სესხის მინიმალური მოცულობა შეადგენს 50 000 ლარს, ხოლო მაქსიმალური 2 000 000 ლარს. 
• საკრედიტო საგარანტიო სქემის ფარგლებში ანაზღაურდება ინდივიდუალური სესხის ძირი თანხის 70%-მდე, სქემის ფარგლებში გაცემული სესხების მთლიანი პორტფელის 15%-ის ლიმიტის ფარგლებში.
დღევანდელ შეხვედრას 100-ზე მეტი ადგილობრივი მეწარმე დაესწრო. კითხვა-პასუხის ფორმატში, მათ საშუალება ჰქონდათ, სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე მიეღოთ ინფორმაცია.

2019-04-12

ნავიგაცია