Image

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის ლევან ონიანის ხელმძღვანელობით, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომათა დარბაზში, საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა.
რუსთავში, საკრებულოს წევრების ხმათა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, დღეიდან, სამ უსახელო მოედანს, თამარ მეფის, ჟიული შარტავას და შოთა რუსთაველის სახელები მიენიჭა.
საკრებულოს სხდომის ფარგლებში დეპუტატებმა, თეატრის წინ, ზვიად გამსახურდიას სახელობის სკვერში, სარეკრეაციო ზონა ერთში, კაფის მშენებლობისთვის სპეციალური ზონალური შეთანხმების გაფორმების თაობაზე იმსჯელეს. 
აღნიშნული საკითხი სხდომაზე მერიის არქიტექტურისა და სამშენებლო -ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ეკა პაპუაშვილმა წარადგინა. 
ეკა პაპუაშვილმა სხდომაზე ასევე წარმოადგინა კაფის ესკიზი და ლომოურის ქუჩაზე დაგეგმილი თანამედროვე, ევროპული ტიპის სავაჭრო ცენტრის „კარფურის“ პროექტი.
რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, საკრებულოს აპარატის იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსის, არჩილ ძამაშვილის განცხადებით, ვადის ამოწურვის გამო, ვეტერანების, ტრანსპორტის, სპორტის და ფიზიკური კულტურის და რუსთავის განვითარების, ტურიზმის და საერთაშორისო ურთიერთობების საკითხების შემსწავლელ დროებით სამუშაო ჯგუფებს ერთი თვით გაუგრძელდა უფლებამოსილების ვადა.
დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა ცხრამეტი ძირითადი საკითხი განიხილეს და წარმოდგენილი საკითხები ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს, რის შემდეგაც საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანმა სხდომა დახურულად გამოაცხადა.

2019-04-23

ნავიგაცია