Image

12 მაისს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალგაზრდული ფორუმი ‘’YouthSpeak’’ გაიმართა.

ფორუმის ძირითადი თემა გაეროს მდგრადი განვითარების მე-8 და მე-16 მიზნები იყო.

კონფერენციაში რუსთავის მერის თანაშემწე ქალაქის სტრატეგიული განვითარების საკითხებში, რევაზ ბარბაქაძე, მერიის ინოვაციების ჰაბის წევრები, სხვადასხვა სამთავრობო უწყების, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ფორუმი მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ ახალგაზრდა თაობის ცნობიერების ამაღლებას, თაობებს შორის გამოცდილების გაზიარებას და სხვადსხვა სფეროში არსებული პრობლემების განხილვას ითვალისწინებდა.

ერთ-ერთ სამუშაო შეხვედრაზე მოეწყო რუსთავის მერიის ინოვაციების ჰაბის საქმიანობის პრეზენტაცია, მონაწილეებმა ასევე ითამაშეს ჰაბის და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ შემუშავებული ურბანული სამაგიდო თამაში, რომელიც რუსთავში არსებული პრობლემებისა და მათი მოგვარების გზების იდენტიფიცირებისთვის, მოქალაქეთა ჩართულობის მიზნით შეიქმნა.

უახლოეს მომავალში, სამაგიდო თამაშში, რუსთავის მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფის ჩართვა იგეგმება.

რუსთავის მერიის ინოვაციების ჰაბი, 2018 წელს, გაეროს განვითარების პროგრამისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოს სამთავრობო სერვისლაბის პარტნიორობის შედეგად შეიქმნა. 
ჰაბის მიზანი რუსთავში მმართველობითი, ტექნოლოგიური და მონაწილეობითი ინოვაციების დანერგვაა.

2019-05-13

ნავიგაცია