Image

სს ,,საპარტნიორო ფონდის’’, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივითა და რუსთავის მერიის მხარდაჭერით, დღეს,  რუსთავის მეტალურგიული ქარხნის საკონფერენციო დარბაზში, დამწყები ბიზნესის ხელშეწყობის ინოვაციური პროგრამის – „სტარტაპ საქართველოს“ პრეზენტაცია გაიმართა. 

პროგრამის დეტალებზე, რუსთაველებს ინფორმაცია საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნათია თურნავამ, „სტარტაპ საქართველოს" დირექტორმა ვაჟა მენაბდემ და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ ავთანდილ კასრაძემ მიაწოდეს.

საინფორმაციო შეხვედრას რუსთავის მერი დავით ჯიქია, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი, რუსთავის მერის მოადგილეები ნოდარ შეროზია, ლაშა ლობჯანიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

„სტარტაპ საქართველო“ იმ მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ სიახლეზე ორიენტირებული, პერსპექტიული და მდგრადი ბიზნესიდეა, მაგრამ არ აქვთ ფინანსური შესაძლებლობები, სთავაზობს ბიზნესის დაწყების უნიკალურ შესაძლებლობას.

ინოვაციური პროგრამის განხორციელებისთვის სახელმწიფო პირველ ეტაპზე  ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური სტარტაპების დაფინანსებისთვის 11 მილიონ ლარს გამოყოფს, სამომავლოდ,  პროგრამის ბიუჯეტი შესაძლოა 35 მილიონ ლარამდე გაიზარდოს.

 „სტარტაპ საქართველო“ თითოეულ დაფინანსებულ ბენეფიციართან ერთად, შექმნის ახალ კომპანიას (სტარტაპს), რომელშიც ფონდი კაპიტალის სახით შეიტანს 15 000 ლარიდან 100 000 ლარამდე. ამ მოდელით, პროგრამის ბენეფიციარს თანამონაწილეობის სახით, პროექტის ჯამური ღირებულების მინიმუმ 10 პროცენტის ოდენობის თანხის შეტანა მოუწევს, ხოლო მისი ბიზნესიდეა ავტომატურად შეფასდება, როგორც ერთობლივი კომპანიის კაპიტალში სულ მცირე 40-პროცენტიანი შენატანი. შესაბამისად, მხოლოდ 10-პროცენტიანი თანხობრივი თანამონაწილეობის პირობებში პროგრამის ბენეფიციარი ხდება 50-პროცენტიანი ან მეტი წილის მფლობელი ახალ კომპანიაში. ამასთან, შემდგომში ბენეფიციარს მიეცემა შესაძლებლობა, გამოისყიდოს ფონდის წილი ერთობლივ კომპანიაში შეღავათიანი პირობებით ან მოიძიოს სხვა ინვესტორები.

უნიკალური ინოვაციური იდეის წარმოდგენის შემთხვევაში საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო მაქსიმუმ 100 000 ლარის ოდენობით დააფინანსებს მაღალტექნოლოგიური დარგის სტარტაპებს შემდეგ სფეროებში: ავიაკოსმოსური წარმოება, ავტომობილები, ხელოვნური ინტელექტი, ბიოტექნოლოგიები, ბიოინფორმატიკა, კომპიუტერული ინჟინერია, კომპიუტერული მეცნიერება, ინფორმაციული ტექნოლოგიები, ნანოტექნოლოგიები, ბირთვული ფიზიკა, ელექტრომაგნიტური გამოსხივება, რობოტიკა, ნახევარგამტარები, ტელეკომუნიკაცია. ასეთ დროს ბენეფიციარს აღარ მოეთხოვება პროექტის თანადაფინანსება და მისი წილი კომპანიაში 95 პროცენტი იქნება.

სახელმწიფო ყოველმხრივ ხელს შეუწყობს ასეთი მაღალტექნოლოგიური პროექტების მსოფლიო ბაზარზე გატანას, ამასთან, დაეხმარება წარმატებულ კომპანიებს, შემდგომი დაფინანსების მოსაპოვებლად და განსავითარებლად აწარმოონ აქტიური კომუნიკაცია ინვესტორებთან და დაინტერესებულ პირებთან.

გარდა ამისა, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო უზრუნველყოფს ტრენინგებსა და საკონსულტაციო მომსახურებას პროგრამის ყველა ბენეფიციარისთვის.

განაცხადის ფორმა, შევსების წესი და პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე www.startup.gov.ge. 

პროგრამაში მონაწილეობის მსურველებს ასევე მოემსახურებიან ტექნოლოგიური პარკის შენობაში, სადაც განთავსებულია პროგრამის ფრონტოფისი და დაინტერესებული პირები ერთი ფანჯრის პრინციპით ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ პროგრამის შესახებ.  კონკურსის წესით შერჩეულ პროექტებს შეისწავლიან „სტარტაპ საქართველოს“ და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს კვალიფიციური ანალიტიკოსები და მოწვეული ექსპერტები.

,,სტარტაპ საქართველო’’, რომელიც 2016 წლის 17 ივნისიდან ხორციელდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შეიქმნა. ის ეკონომიკური რეფორმის ნაწილია, რომელიც თავის მხრივ სამთავრობო 4-პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთ კომპონენტს წარმოადგენს. პროგრამის კოორდინატორები საპარტნიორო ფონდი და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო არიან.არიან.

2016-07-07

ნავიგაცია