Image

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის ლევან ონიანის ხელმძღვანელობით, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომათა დარბაზში, საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა.
საკრებულოს სხდომის ფარგლებში, დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ოცდაერთი ძირითადი საკითხი განიხილეს.
საკრებულოს წევრების ხმათა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, ქალაქში, კერძოდ XVII და VII მიკრორაიონებში მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსები აშენდება, რისთვისაც სხდომაზე დეპუტატებმა კენჭი უყარეს ტერიტორიული გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესში კოეფიციენტის, საცხოვრებელი ზონების ცვლილებას.
სხდომაზე ასევე დადებითად გადაწყდა კოსტავას გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე, თავისუფლების მოედნის წინ, სკვერში კაფეების მშენებლობის მიზნით, სარეკრეაციო ზონა ერთში, სპეციალური ზონალური შეთანხმების გაფორმების საკითხი.
დეპუტატების გადაწყვეტილებით ცვლილებები შევიდა, ქალაქ რუსთავის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესში, კერძოდ საკრებულოს 2018 წლის N83 დადგენილებაში.
როგორც ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის აპარატის ხელმძღვანელმა ნინო ნიკოლავამ განაცხადა, წარმოდგენილი ცვლილებით რეგისტრაციის პროცედურაში ხდება უმნიშვნელო ტექნიკური სახის კორექტირება, რომელიც არ იწვევს რეგისტრაციის წესში ფუნდამენტურ ცვლილებებს.
საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა, ასევე იმსჯელეს და დადებითი რეკომენდაცია მისცეს, რუსთავის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სტრატეგიის დამტკიცების საკითხს, რომელიც მომხსენებლის, მერიის აპარატის ხელმძღვანელის ნინო ნიკოლავას ინფორმაციით, შეეხება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ბავშვზე ორიენტირებული გარემოს შექმნას და ბაგა-ბაღებში ადმინისტრაციული მართვის ზოგად წესს.
რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, საკრებულოს აპარატის იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსის, არჩილ ძამაშვილის განცხადებით, ვადის ამოწურვის გამო, კვლავ შეიქმნა ვეტერანების საკითხების რუსთავის განვითარების, ტურიზმის და საერთაშორისო ურთიერთობების შემსწავლელი დროებით სამუშაო ჯგუფები. არჩილ ძამაშვილის ინფორმაციით, საკრებულოში მოქმედ და ამჟამად მომუშავე სამ სამუშაო ჯგუფს ერთი თვით გაუგრძელდა უფლებამოსილების ვადა.

2019-05-21

ნავიგაცია