Image

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ორგანიზებითა და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელშეწყობით, რუსთავში ღონისძიება გაიმართა.

ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონები, გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის პროფესიულ-დრამატულ თეატრში, ახალგაზრდებსა და სპორტსმენებს შეხვდნენ.

ლერი ხაბელოვმა, შოთა ხაბარელმა, გელა კეტაშვილმა, ვახტანგ ბლაგიძემ, დავით გობეჯიშვილმა, ლუკა კურტანიძემ, მიხეილ სალაძემ, ავთანდილ მაისურაძემ და გენო პეტრიაშვილმა, რუსთაველ ახალგაზრდებს, საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. დიდ ეკრანზე ნაჩვენები იქნა სხვადასხვა წლებში, მსოფლიო ოლიმპადებსა და ჩემპიონატებზე ქართველი სპორტსმენების მიერ მიღწეული წარმატებების ამსახველი ვიდეოფილმები.

დარბაზში მყოფმა მოსწავლეებმა, სპორტულ ვიქტორინაშიც მიიღეს მონაწილეობა და სახელოვანი ქართველი სპორტსმენების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხეს.

ვიქტორინაში გამარჯვებულები თავად ოლიმპიურმა და მსოფლიო ჩემპიონებმა დააჯილდოვეს. სწორი პასუხების ავტორებს, საჩუქრად, ოლიმპიური კომიტეტის მიერ გამოშვებული წიგნები გადაეცათ.

როგორც ლერი ხაბელოვმა განაცხადა, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი, მსგავს შეხვედრებს, ქართული სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით, ყველა რეგიონში მართავს.

ღონისძიების მსვლელობისას, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა, რუსთაველი მწვრთნელები ომარ გუგეშაშვილი(ჭიდაობა), ნინო გოგინაშვილი(ცურვა), ტარიელ ბლუაშვილი(კრივი), ოთარ ხმელიძე(კალათბურთი) და ფიზკულტურის მასწავლებელი: ზურაბ ჩიტრეკაშვილლი(#15 საჯარო სკოლა), ნანა ციციშვილი(#21 საჯარო სკოლა) ქართული სპორტის განვითარებაში შეტანილი წვლილისა და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციისთვის დააჯილდოვა.

ღონისძიებას, რუსთავის მერის მოადგილე გოჩა ლორია, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე მოადგილე კახა კობერიძე, ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. 
თავის მხრივ, ქალაქისა და მხარის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რუსთავში სტუმრად მყოფ ოლიმპიურ და მსოფლიო ჩემპიონებს სპეციალური მადლობის სიგელები გადასცეს.

2019-05-21

ნავიგაცია