Image

რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა მერიის აპარატის სერვისების განვითარებისა და საქმისწარმოების განყოფილების ხელმძღვანელ თამთა დოკვაძესთან ერთად, ურეკში, ღია მმართველობის პარტნიორობის საკითხებზე გამართულ სამუშაო შეხვედრას დაესწრო.

შეხვედრაში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, გურიაში სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, ღია მმართველობა საქართველოს სამდივნოს, ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) პროცესში ჩართული მუნიციპალიტეტების, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

შეხვედრის ძირითადი მიზანი, ღია მმართველობა საქართველოს 2018-2019 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულების სტატუსის განხილვა და ამ ვალდებულებების შესრულებისას მუნიციპალიტეტებში დაგროვილი გამოცდილების გაზიარება იყო.

OGP-ის ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში, მუნიციპალიტეტების მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების განხილვა სამ ძირითად პანელად გაიმართა.

პირველი პანელი მუნიციპალიტეტების მიერ გამჭვირვალე და კეთილსინდისიერი მმართველობის განმტკიცების კუთხით აღებული ვალდებულების შესრულებაზე მსჯელობას დაეთმო.

მეორე პანელზე წარმოდგენილი იყო სამოქმედო გეგმით გათვალიწინებული სხვა ვალდებულებების შესრულების პროგრესი, ხოლო მესამე პანელის მიმდინარეობისას, მუნიციპალიტეტებს შორის OGP-ის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების პროცესში მიღებული პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარება მოხდა.

სამუშაო შეხვედრის მონაწილეები ასევე გაეცნენ ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში მიმდინარე ტენდენციებს და 29-31 მაისს, კანადის დედაქალაქ ოტავაში გამართული OGP-ის გლობალური სამიტის ძირითად შედეგებს. 
მონაწილეებმა განახლებული ინფორმაცია მიიღეს დეცენტრალიზაციის პოლიტიკასა და ინტერმუნიციპალური თანამშრომლობის მნიშვნელოვან ასპექტებთან დაკავშირებითაც.

შეხვედრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ინიციატივით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და USAID-ის დემოკრატიული მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით ჩატარდა.

2019-06-12

ნავიგაცია