Image

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, რუსთავში ფართომასშტაბიანი პროექტის განხორციელება დაიწყო. 
პროექტი, ძლიერი წვიმის დროს, იაღლუჯის მთის ფერდობზე წარმოქმნილი ღვარცოფული ნაკადებისაგან ქალაქის ქუჩებისა და მიკრორაიონების დაცვის მიზნით ხორციელდება და ჩამდინარე წყლების მილსადენი სისტემის მშენებლობას ითვალისწინებს. 
ჭარბი ნალექის შედეგად, იაღლუჯიდან ჩამოსული ღვარცოფის გამო, რუსთავის ქუჩები და საცხოვრებელი სახლები, წლების განმავლობაში იტბორებოდა. 
ბოლოს, იაღლუჯიდან ჩამოტანილმა ღვარცოფმა, ქალაქი 2018 წლის გაზაფხულზე დატბორა. სწორედ, მაშინ მიმართეს რუსთავის მერიამ და ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციამ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დახმარების თხოვნით და სამუშაოები უკვე დაწყებულია. 
პროექტის თანახმად, მოეწყობა როგორც ღია, ასევე დახურული ტიპის ბეტონის კოლექტორი და სპეციალური პანდუსები, რაც საჭიროების შემთხვევაში, ჩამდინარე წყლების მილსადენი სისტემის გაწმენდას გახდის შესაძლებელს. 
წვიმის დროს, იაღლუჯიდან წამოსული ნიაღვარი, კი მდინარე მტკვრისკენ იქნება მიმართული, შედეგად ქალაქის დატბორვის საფრთხე მინიმუმამდე შემცირდება. 
იაღლუჯის ფერდობის გასწვრივ სამუშაოები დღეს დაიწყო და 2020 წლის ოქტომბერში დასრულდება. 
პროექტის ღირებულება 12 500 000 ლარია.

2019-07-04

ნავიგაცია